ახალი ამბები

სურსათის სააგენტო: „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათამში სალმონელა გამოვლინდა

6 ნოემბერი, 2019 • 3758
სურსათის სააგენტო: „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათამში სალმონელა გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, “ბიუ-ბიუს” წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოვლინდა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ, რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“, რის შემდეგაც, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, იმავე დღეს განახორციელეს არაგეგმური ინსპექტირება ბიზნესოპერატორთან.

სააგენტოს განცხადებით, ლაბორატორიული კვლევისთვის მოხდა სურსათის ნიმუშების აღება, მათ შორის, “უკრაინული ქათმის ბარკალი”, “ბიუ-ბიუ-ს” ქათმის ფრთები (ნახევარფაბრიკატი, და “ბიუ-ბიუ-ს” ქათმის ფილე დამარინადებული.

სააგენტოში ამბობენ, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგად ქათმის დამარინადებული ფილეს ნიმუშში, რომლის მწარმოებელია შპს „ჩირინა“(ბიუ-ბიუ) და დისტრიბუტორია შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“, გამოვლინდა სალმონელა.

ამასთან, მიკრობიოლოგიური დარღვევა ასევე გამოვლინდა უკრაინული ქათმის ბარკლის ნიმუშში (მწარმოებელი „Processing Complex“ უკრაინა, დისრტრიბუტორი შპს „სანი“).

“ლაბორატორიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, 25 ოქტომბერს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განმეორებით ჩაატარა არაგეგმური ინსპექტირება რესტორანში -„ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“, რომელსაც კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერა საწარმოო პროცესი.

შემოწმდა ის მარკეტიც (თბილისი, გლდანი I მიკრორაიონი, მე-2 კორპ.), სადაც ზემოთ აღნიშნულმა რესტორანმა შეიძინა ნედლი ქათმის ფილე, სარეალიზაციო ობიექტს გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი და 1000 ლარით დაჯარიმდა” ,- აცხადებენ სააგენტოში.

აღნიშნულის შემდეგ სააგენტომ ბოლო ეტაპზე განახორციელა სახელმწიფო კონტროლი შპს „ჩირინასა“ (ფრინველთა სასაკლაო) და სადისტრიბუციო კომპანია „ჯეო დისტრიბუშენ გრუპში“, სადაც ლაბორატორიული კვლევის შედეგად აღებული ხუთი ნიმუშიდან ოთხ მათგანში სალმონელა გამოვლინდა:

“აღნიშნულ კომპანიებს დაევალათ სურსათის ბაზრიდან ამოღება და შემდგომი მოკვლევისა და რეაგირების მიზნით საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა” ,- აცხადებენ სააგენტოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი