ახალი ამბები

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წინ აღვუდგეთ ბნელ ძალებს – ლევან აკინი

5 ნოემბერი, 2019 • 4193
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წინ აღვუდგეთ ბნელ ძალებს – ლევან აკინი

ქართული წარმომავლობის შვედი რეჟისორი ლევან აკინი ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერასთან დაკავშირებით დაგეგმილ საპროტესტო აქციებს ეხმაურება.

როგორც აკინი წერს, ეს პროტესტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საჭიროა ყველანაირად დავუპირისპირდეთ შავბნელ ძალებს.

“ზოგიერთმა ულტრამემარჯვენე ჯგუფმა და ეკლესიამ დაგმო ფილმი და აპირებენ, ხელი შეუშალონ მაყურებელს, კინოჩვენებაზე შევიდნენ. ეს არის აბსურდი, როცა ადამიანებს, რომლებმაც ბილეთები იყიდეს, სჭირდებათ სიმამაცის გამოჩენა და გარისკვა, რომ შეაწუხებენ ან მათზე იერიშს მიიტანენ მხოლოდ ფილმის ყურების გამო”, – წერს აკინი სოციალურ ქსელში.

რეჟისორის თქმით, ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” მისი სასიყვარულო წერილია საქართველოსა და მისი მემკვიდრეობის მიმართ და ამ ამბით სურდა ქართული კულტურის იმგვარად გადაფასება, რომ მას ყველა ადამიანი მოეცვა.

“მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ შავ დროში და მოსალოდნელი პროტესტი მხოლოდ ადასტურებს, რაოდენ სასიცოცხლოა, წინ აღვუდგეთ ბნელ ძალებს ყველანაირად, როგორც შეგვიძლია”, – წერს აკინი.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

ფილმის პირველი ჩვენება 8 ნოემბერს უნდა შედგეს. ამ დროისთვის თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები სამივე დღის ბილეთები სრულად გაყიდულია.

ფილმის ჩაშლის მუქარა თავდაპირველად ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფება “ქართულმა მარშმა” გაავრცელა. შსს-ში აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი