ახალი ამბები

სრულიად წარმოუდგენელია – საპატრიარქოს პრესსპიკერი სინოდის საჯარო სხდომებზე

4 ნოემბერი, 2019 • 1575
სრულიად წარმოუდგენელია – საპატრიარქოს პრესსპიკერი სინოდის საჯარო სხდომებზე

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ სრულიად წარმოუდგენელია, სინოდის სხდომები საჯაროდ იმართებოდეს.

მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომების გასაჯაროების ინიციატივით 3 ნოემბერს გამოვიდა ჭყონდიდის ეპარქიიდან და მიტროპოლიტობიდან განყენებული პეტრე ცაავა.

„სანამ სინოდის სხდომა არ ჩატარდება ღია ეთერში და კამერები არ დაიდგმება, ყოველთვის ეკლესიაში ჩაბუდებული ქვაბ-ავაზაკები ეცდებიან საზოგადოების მოტყუებას, ანტიმართლმადიდებლურ საქციელს… ეკლესიის დისკრედიტაცია არ შეწყდება მანანმ, სანამ სინოდის სხდომები არ ჩატარდება ღია ეთერში, ლაივში“, — განაცხადა მან.

პეტრე ცაავას თქმით, ასეთი პრეცედენტი უკვე არსებობს. შესაბამისად, კრების ამგვარად ჩატარება არ არის დაუშვებელი: „კრეტის კრება ჩატარებულა ღია ეთერში, ე.წ „ლაივში“ გადიოდა მთელი კრება რამდენიმე დღის განმავლობაში“.

მეორე დღეს, 4 ნოემბერს, პეტრე ცაავას ინიციატივის პასუხად საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა:

„შიდა საეკლესიო საკითხების გამოტანა საჯარო სივრცეში, სადაც ამ თემებზე იმსჯელებს ხალხი, ვისაც საერთოდ არ აქვს ეკლესიური აზროვნება და არ არიან ეკლესიის წევრები, იწვევს ძალიან ბევრ გაუგებრობას. ამიტომ სრულიად წარმოუდგენელია, სინოდის სხდომა იმართებოდეს საჯაროდ“.


სინოდის 31 ოქტომბრის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ, მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ [ჰომოფობიური ტერმინოლოგიით] ისაუბრა კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის „პედერასტიასა და მამათმავლობაზე“. სინოდმა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, გარდა ეპარქიის მმართველობისგან და სინოდის წევრობისგან გათავისუფლებისა, აუკრძალა მღვდელმოქმედება და მონასტერში გაამწესა.

მასალების გადაბეჭდვის წესი