ახალი ამბები

უმრავლესობის დეპუტატმა მოსამართლე 2003 წლის არჩევნების შედეგების გაუქმებისთვის გააკრიტიკა

4 ნოემბერი, 2019 • 1286
უმრავლესობის დეპუტატმა მოსამართლე 2003 წლის არჩევნების შედეგების გაუქმებისთვის გააკრიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნინო ქადაგიძისგან მოისმინეს განმარტებები მის მიერ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. დეპუტატები დაინტერესდნენ, რა პრინციპით ჩათვალა  სასამართლომ, რომ პროპორციული არჩევნები გაყალბდა და მაჟორიტარული – არა.

“თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება 2003 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. მაშინდელმა ტენდენციურობამ მე დამაზარალა, მაგრამ აქ ჩემზე არ არის საკითხი.  16 წელია სამართლებრივი პასუხი ვერ მივიღე ამ კითხვაზე – რატომ ჩათვალეთ, რომ უსამართლოდ ჩატარდა პროპორციული არჩევნები და სამართლიანი იყო მაჟორიტარული არჩევნები? იქნებ ორივე დაგენიშნათ ხელახლა?” – მიმართა მოსამართლეობის კანდიდატს დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ.

“მაშინაც და დღესაც მოქმედებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი,  რომელიც ადგენს, რომ მოსამართლეს არა აქვს უფლება, მხარეს მიაკუთვნოს იმაზე მეტი, ვიდრე ის ითხოვს. ეს პრინციპი არის აღიარებული არა მარტო ჩვენს კანონმდებლობაში, არამედ არ არსებობს არცერთი სისტემა მსოფლიოში, რომელიც ამ პრინციპს უარყოფდეს. გასაჩივრებული სასამართლოში იყო პროპორციული არჩევნები, მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების საჩივრით სასამართლოსთვის არავის მოუმართავს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მე არ მქონდა უფლება, გავცდენილიყავი დავის ფარგლებს და მიმეკუთვნებინა მხარისთვის იმაზე მეტი, ვიდრე ის ითხოვდა და მაჟორიტარებს ვერ შევეხებოდი”, – განმარტა ნინო ქადაგიძემ.

დეპუტატ ენძელა მაჭავარიანის აზრით კი, მოსამართლეს ოპოზიციის სარჩელი პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებითაც არ უნდა დაეკმაყოფილებინა.

“თქვენ ძალიან ლამაზად და ბელეტრისტულად ახსენით, რატომ არ მიიღებდით [სხვა გადაწყვეტილებას], მაგრამ შეგეძლოთ თუ არა, არგუმენტად გამოგეყებინათ ის, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში შედეგების გაუქმებას არ ითხოვდნენ და ეს ყოფილიყო დამასაბუთებელი იმისა, რომ პროპორციულიც ნორმალურად ჩატარდა და საერთოდ არ განგეხილათ ეს სარჩელი ან დაგეტოვებინათ ისე. მე მოსამართლე რომ ვყოფილიყავი, ჩემთვის ეს არგუმენტი იქნებოდა. ჩემთვის ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეთ, იყო იმ უბედურების საფუძველი, რაც ჩვენ ვითმინეთ ცხრა წელი”, – განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

დეპუტატი გოგა გულორდავა დაინტერესდა, მიიჩნევს თუ არა მოსამართლე, რომ მის მიერ 2003 წელს მიღებული გადაწყევტილება სამართლიანი იყო. ნინო ქადაგიძის თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბებული იყო და მისი გადაწყვეტილება – კანონიერი და სამართლიანი.

“სიმართლე გითხრათ,  იმ პერიოდში არ მქონდა გადაწყვეტილი გაუქმება. ვფიქრობდი, ხელახლა გადათვლა დამევალებინა ადმინისტრაციისთვის. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელი მობრძანდა პროცესზე, სარჩელი ცნო და მომახსენა, რომ მთელი ბიულეტენები დახსნილია და შეყრილია ერთ ოთახში, წარმოუდგენელი იყო გარჩევა, რომელი რომელ ოლქს ეკუთვნოდა და გადათვლა შეუძლებელი იყო”, – აღნიშნა ქადაგიძემ.

2003 წელს საპარლამენტო არჩევნების გაყალბება “ვარდების რევოლუციის” საფუძველი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი