ახალი ამბები

მანქანა განვადებით გამოვიტანე, ვერ გადავიხადე, დავაბრუნე და ჯარიმას ვიხდი – გვარამია

1 ნოემბერი, 2019 • 1307
მანქანა განვადებით გამოვიტანე, ვერ გადავიხადე, დავაბრუნე და ჯარიმას ვიხდი – გვარამია

ახალი ბრალის წარდგენის შემდეგ ნიკა გვარამია ამბობს, რომ “პორშე” მის საკუთრებაში არ ყოფილა, რადგან განვადების თანხა ვერ გადაიხადა.

რაც შეეხება მანქანის ეპიზოდით ე.წ რუსთავი 2-ის საქმეში ახალი ბრალის წაყენებას, გვარამიას მტკიცებით, ამით რუსთავი 2-ის გაკოტრების ლეგიტიმური მიზეზის შექმნას ცდილობენ.

“პროკურატურას ჩვევა აქვს, რომ მე არ დამკითხოს და ისე წამიყენოს ბრალი. მანქანა ნაყიდი არ მქონდა, ანუ ჩემი საკუთრება არ იყო.  განვადებით გამოვიტანე, ვერ გადავიხადე, დავაბრუნე და ვიხდი ჯარიმას. ეს ყველაფერი ქმნის იმის საფუძველს, რომ რუსთავი 2-ის გაკოტრების ლეგიტიმური საფუძველი შეიქმნას. ეს საფუძველი მალე იქნება და არხს დახურავენ. მე ასე მგონია”, – აცხადებს გვარამია.

დღეს, პირველ ნოემბერს, რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას კიდევ ერთი ბრალი წაუყენა.

პროკურატურის ინფორმაციით, გვარამიას ოჯახს “ფაქტობრივ საკუთრებაში” რუსთავი 2-ის ხარჯზე ძვირადღირებული მანქანა ჰქონდა.

გვარამიას ოჯახმა “ფაქტობრივ საკუთრებაში” “პორშე” მიიღო, რითაც დაზარალდა რ2 – პროკურატურა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი