ახალი ამბები

შსს: ტურისტული კომპანია ”ჯინო თრეველის” დირექტორი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

20 აპრილი, 2015 • 1368
შსს: ტურისტული კომპანია ”ჯინო თრეველის” დირექტორი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

”გამოძიებამ დაადგინა, რომ ნინო ს. მოქალაქეს 8100 აშშ დოლარისა და 1000 ევროს სანაცვლოდ აშშ-ის ოფიციალური ლოგოსა და რეკვიზიტების მქონე ბლანკზე დაბეჭდილ, ინგლისურ ენაზე შედგენილ ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა. აღნიშნულმა მოქალაქემ, რომელიც ყოველწლიური ლატარია „diversity visa lottery“ ( ,,გრინ-ქარდის“) გამარჯვებული იყო, ვიზა ვერ მიიღო მისი შეზღუდული რაოდენობის გამო და არ იქნა ჩანიშნული კონსულთან მისი გასაუბრება. დაზარალებულმა დასახმარებლად ტურისტული კომპანია „ჯინო თრეველის” დირექტორს, ნინო ს-ს მიმართა. ეს უკანასკნელი, სხვადასხვა ყალბი დაპირების გამოყენებით, თითქოსდა, “გრინ-ქარდის” აღდგენის მიზნით, აშშ-ში საამისო პროცედურების მოსაგვარებლად, ასევე, ადვოკატის აშშ-ში გამგზავრებისა და მისი მომსახურებისათვის საჭირო თანხის სახით და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების საშუალებით, მოტყუებით 8100 აშშ დოლარსა და 1000 ევროს დაეუფლა, რის შედეგადაც დაზარალებულ მოქალაქეს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა,”- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ნინო ს-ს პირადი ჩხრეკის, მისი საცხოვრებელი ბინისა და ტურისტული კომპანია „ჯინო თრეველის” ოფისის ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ყალბი დოკუმენტი, მოქალაქეთა პასპორტები, სხვადასხვა ორგანიზაციის ბეჭდები, კომპიუტერული ტექნიკა და 1000 აშშ დოლარი ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ფოტო - შსს-ს ვიდეომასალიდან
ფოტო – შსს-ს ვიდეომასალიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი