საზოგადოება

“ახლაც მეტყობა დალურჯება” – მატიაშვილს კიდევ ერთი ქალი უჩივის, გამოძიება არ იწყება

27 თებერვალი, 2026 •
“ახლაც მეტყობა დალურჯება” – მატიაშვილს კიდევ ერთი ქალი უჩივის, გამოძიება არ იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურების უფროსს, დავით მატიაშვილს კიდევ ერთი მოქალაქე უჩივის ძალადობის საქმეზე. თუმცა პროკურატურა გამოძიებას არ იწყებს.

საუბარია ანა ბდეიანზე, 3 შვილის დედაზე, რომელიც პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა. როგორც ბდეიანი გვიყვება, შემთხვევა 17 თებერვალს მოხდა, როცა სასამართლოში, მეგობრებთან ერთად, ე.წ. გზის გადაკეტვის ადმინისტრაციულ საქმეებზე დასასწრებად იყო მისული. ამავე დღეს იმართებოდა ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის სხდომა, რომლის შემდეგაც ბრალდებულებისა და დაზარალებულის მხარდამჭერებს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება იყო.

ანა ბდეიანი გვიყვება, რომ გაკვირვებული იყო მანდატურებისა და პოლიციელების რეაქციით, რომლებსაც, როგორც ამბობს, ძალისხმევა არ გამოუჩენიათ სიტუაციის განმუხტვისთვის, განსხვავებით სინდისის პატიმრების სხდომებიდან, როდესაც ისინი მოქალაქეების სასამართლოდან ძალადობრივად გაძევებას მოტივირებულად ცდილობენ ხოლმე.

მოგვიანებით ბდეიანი სასამართლოს შენობაში შევიდა კიდევ ერთი აქტივისტის, სოფო მარკოზიას სხდომაზე დასასწრებად (მას თორნიკე ქოჩქიანმა 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა). ბდეიანი გვიყვება, რომ სხდომის დაწყებამდე სასამართლოს დერეფანში განიხილავდნენ მომხდარს, რა დროსაც მათთან დავით მატიაშვილი მივიდა და შენიშვნა მისცა. ამას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგადაც, როგორც ბდეიანი ჰყვება, მატიაშვილმა ძალით გაიყვანა შენობიდან. ბდეიანი ამბობს, რომ მკლავზე დალურჯება მომხდარიდან 8 დღის შემდეგაც ეტყობა [ნეტგაზეთი ბდეიანას 25 თებერვალს ესაუბრა].

“[დაპირისპირებულებმა] მოანგრიეს ყველაფერი, კარები მოტეხეს, საოცრებები აკეთეს. როცა შევედით შიგნით, ამას განვიხილავდით. მოგვივარდა [დავით მატიაშვილი], ხმამაღლა ნუ ლაპარაკობთო. მეც ვერ მოვითმინე და ვუთხარი, კაცებს ვერ გაეკარეთ, ახლა მოდიხართ და ქალებს  გვჩაგრავთ-მეთქი. ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება. აზას დაუყვირა [გულისხმობს 71 წლის აზა ჩილაჩავას – პროევროპული აქციების აქტიურ მონაწილეს], შემდეგ მე მეცა გაშველების პროცესში. ისე ჰქონდა ხელი მოკიდებული, ვეღარ გააშვებინეს. ასე ჩამათრია ეზოში. მერე გამოვიდა და გარეთაც გვიღებდა ფოტოებს.

იმ მომენტში გამიწითლდა. მეორე დღეს უკვე დამილურჯდა და ახლაც მეტყობა. 19-ში ვიყავი ექიმთან და მაქვს სამედიცინო დოკუმენტიც. რამ გამომიყვანა მდგომარეობიდან? სადაც ადამიანებმა მართლა კინაღამ დახოცეს ერთმანეთი, იქ არ ჩაერია, მერე მოვიდა და ჩვენ დაგვიწყო ყვირილი”, – ამბობს ბდეიანი.

ამის შემდეგ ბდეიანი ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაცია “საფარს” დაუკავშირდა. საფარი უკვე იცავს 11 პირის ინტერესებს, რომლებსაც დავით მატიაშვილისა და სხვა მანდატურების წინააღმდეგ აქვთ სარჩელი შეტანილი. მართალია, მოთხოვნის მიუხედავად დაზარალებულის სტატუსი არცერთს არ მიანიჭეს, თუმცა  გასულ წელს მომხარ შემთხვევებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. რაც შეეხება ბდეიანისა და მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ქალის შემთხვევას, მიმართვის მიუხედავად თბილისის პროკურატურას გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია. ადვოკატი თამარ ლუკავა ამბობს, რომ გამოძიების დასაწყებად საკმარისი საფუძვლის მიუხედავად, უწყება “საქმეს წელავს”.

ანა ბდეიანი საპროტესტო აქციაზე (04.11.2025)

25 თებერვალს თბილისის პროკურატურაში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ დაიბარეს არა გამოკითხვაზე, არამედ არაოფიციალურ გასაუბრებაზე, რადგან გამოძიება ჯერ დაწყებული არ არის. ადვოკატი განმარტავს, რომ უარი თქვეს ამაზე და კიდევ ერთხელ, ოფიციალურად მოითხოვეს გამოძიების დაწყება.

“ვიყავით დაბარებული გამოკითხვაზე, თუმცა ადგილზე მისულებს გვითხრეს, რომ გამოკითხვა არ ტარდებოდა და ეს იყო გასაუბრება. ინფორმაცია უნდა მივიღოთო, რომ გამოვკვეთოთ დანაშაულის ნიშნებიო, რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადეთ. არანაირი დამატებითი ინფორმაციის მიღება არ სჭირდება დანაშაულის ნიშნების გამოკვეთას. დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არის ჩვენს განცხადებაში, სადაც შავით თეთრზე გვიწერია, რომ დაზიანებები აქვს 17 თებერვალს ძალადობის შედეგად გამოსახული სხეულზე. ფოტომასალაც წარდგენილი გვაქვს. ესეც საკმარისი არის იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს.

ასევე, თვითონ დაზარალებულის გარდა არაერთი მოწმე გვყავს, რომელიც ადასტურებს ამ ძალადობის შესახებ ინფორმაციას, თუმცა რატომღაც არ დაინტერესებულა გამოძიება ამით. ამავე განცხადებაში ვითხოვდით კამერების ჩანაწერების დაუყოვნებლივ ამოღებას და დაარქივებას, რადგან ვიცით, რომ სასამართლოს შიდა და გარე პერიმეტრებზე ფოტო-ვიდეოგადაღება აკრძალულია. ამ მტკიცებულებებს ჩვენ ვერ წარვადგენდით და საჭირო იყო, გამოძიებას დროულად ამოეღო ეს მასალა.

გასაუბრებას როდესაც ატარებს გამომძიებელი, ეს ნიშნავს იმას, რომ აჭიანურებს ხელოვნურად გამოძიებას. ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, რომელსაც არ დავეთანხმებოდით არანაირად, იმიტომ, რომ ჩვენთვის აქვს დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ვფიქრობთ, რომ დანაშაული არის მომხდარი, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება წარდგენილი გვაქვს განცხადებასთან ერთად და დღეს უნდა მომხდარიყო მსხვერპლის გამოკითხვა და არა უბრალოდ გასაუბრება“, – ამბობს თამარ ლუკავა ნეტგაზეთთან საუბრისას.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა პროკურატურას, რათა გაერკვია, რატომ არ დაიწყო ამ კონკრეტულ საქმეზე გამოძიება. ჩვენ დავინტერესდით, რა გარემოებებია საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ გამოძიება ოფიციალურად დაიწყოს და რატომ არ აღმოჩნდა საკმარისი დაზიანების დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტები და თავად ქალის ჩვენება, რომელსაც დაზიანებები ამ დრომდე ხილულად აღენიშნება სხეულზე. უწყების პრესსამსახური ინფორმაციის გადამოწმებას დაგვპირდა, თუმცა მათგან პასუხი არ მიგვიღია.

ნეტგაზეთმა სცადა კომუნიკაცია თავად დავით მატიაშვილთანაც. 26 თებერვალს მას უშალოდ სასამართლოში მივაკითხეთ, თუმცა მთელი დღის განმავლობაში არაერთი მცდელობის მიუხედავად მასთან გასაუბრება ვერ შევძელით. სურვილის შემთხვევაში ნეტგაზეთი მზად არის მოუსმინოს მატიაშვილის პოზიციას.

ადვოკატი თამარ ლუკავა

ორგანიზაცია “საფარი”, ანა ბდეიანის ჩათვლით, ჯამში, 13 ადამიანის ინტერესებს იცავს. მათგან 11 ქალია, 2 კი- კაცი. თამარ ლუკავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურების მხრიდან დაზარალებული მოქალაქეების საქმეებზე მუშაობა 2025 წლის მაისიდან დაიწყო.

ადვოკატი გვიყვება, რომ თავდაპირველად საქმეზე მუშაობა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო, თუმცა უწყება მალევე დაიხურა. ამიტომ საქმე თბილისის პროკურატურას გადაეცა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. თუმცა “საფარში” მიიჩნევენ, რომ გამოძიებამ უნდა იმუშაოს 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, ძალადობის მიმართულებითაც.

ლუკავა გვიყვება, რომ არიან ადამიანები, ვისაც სხეულზე საკმაოდ მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდათ. მათი დიდი ნაწილი ძალადობაში უშუალოდ დავით მატიაშვილს ამხელს, ნაწილი კი საუბრობს სხვა მანდატურებზეც. თუმცა ყველა მათგანის იდენტიფიცირება მათ არ შეუძლიათ.

“ზოგიერთ საქმეზე არის ვიდეომასალა საჯაროდ გავრცელებული და წარდგენილი გვაქვს, საქმეში დევს. ზოგიერთ საქმეზე, ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება და შემდგომ ამოღება. არაერთი ვიდეომასალა აქვს გამოძიებას ოქტომბრის ფაქტებთან დაკავშირებით, სადაც 7-მდე დაზარალებული გვყავს.

ზოგიერთ შემთხვევაში მსხვერპლს აღენიშნებოდა დაზიანებები და მიმართეს სამედიცინო დაწესებულებებს. ამის შესახებ გვაქვს შეტყობინება გაკეთებული. პროკურატურა ინფორმირებულია, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია არსებობს ამ საქმეებზე. მოწმეები არის ძალიან ბევრი და ყველა მოწმე გამოკითხულია”, – ამბობს თამარ ლუკავა.

ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურა გაურკვეველი საფუძვლით არ ანიჭებს დაზარალებულის სტატუსს იმ 11 ადამიანსაც, რომელთა მიმართვის შემდეგ გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა, რაც მიმდინარეობს.

“სხვა შემთხვევებში ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია და ამოწურულია. გამოკითხულია თვითონ დაზარალებულები, მოწმეები ვინც შეესწრნენ ფაქტებს. ზოგიერთ შემთხვევაში ამოღებულია ფოტო-ვიდეომასალაც. არის საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს მსხვერპლებს და ასევე დევნა დაიწყოს დამნაშავე პირის მიმართ. ეს მოთხოვნა გაგზავნილი გვაქვს ორ კვირაზე მეტია, თუმცა არაფერი პასუხი არ მიგვიღია”, – ამბობს ლუკავა.

რამდენიმე კვირის წინ “საფარმა” საჯარო პრესკონფერენციით მოითხოვა ამ პირებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ დეტალურად აღწერა ის ფაქტები, რაზეც გამოძიებას პროკურატურა უკვე რამდენიმე თვეა, რაც ატარებს, თუმც,ა ჯერჯერობით უშედეგოდ.

“მანდატურები დაზარალებულებზე ყოველგვარი მიზეზის გარეშე, არაპროპორციული ძალის გამოყენებით ძალადობდნენ, მათ შორის: სახეში ხელისა და მუშტის დარტყმით, დაზარალებულთა წაქცევით, ხელისა და წიხლის კვრით, შენობიდან ძალის გამოყენებით გამოგდებით, თრევითა და არაერთგზისი სიტყვიერი შეურაცხყოფით. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, არასათანადო მოპყრობისა და ფიზიკური ძალადობის ნიშნები აშკარაა”, – აცხადებენ “საფარში”.

ორგანიზაციის განცხადებაში, მონაწილეთა იდენტიფიცირების გარეშე, მოყვანილია კონკრეტული ფაქტები, რომლებზეც პროკურატურაში საჩივარია შეტანილი.

  • დაზარალებული ქალი სასამართლოს შენობიდან გამოათრიეს და ხელის კვრით გამოაგდეს, რის შედეგადაც იგი სასამართლოს კიბესთან ქვის ფილაზე დაენარცხა. დაუზიანდა ხელი და ფეხი;
  • დაზარალებულ კაცს სასამართლოს დერეფანში სცემა მანდატურის სამსახურის უფროსმა, მატიაშვილმა. დაზარალებულს აქვს დაზიანება მარჯვენა თვალის ქვეშ. იმავე დღეს ჩაწერილია ინტერვიუ, რომელიც გამოძიების მასალებშია წარმოდგენილი. ცემის ამსახველი ვიდეომასალა გამოძიებისთვის გადაცემულია;
  • დაზარალებული ქალი ორჯერ, სხვადასხვა დროს, გახდა მატიაშვილის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ქალს აღენიშნებოდა წინამხრის ნაწილის დაჟეჟილობა, თითების დაჟეჟილობა ფრჩხილების ტრავმით. დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, რადგან ხელს ვერ ამოძრავებდა.
  • დაზარალებული ქალი მანდატურებმა ალყაში მოაქციეს, ძირს დააგდეს და ურტყეს სახეში და გვერდებში არაპროპორციული ძალის გამოყენებით;
  • დაზარალებულ ქალს  მატიაშვილმა მუშტი დაარტყა ქვედა ყბის არეში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მოქალაქეები დავით მატიაშვილს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. მათ შორის არიან ჟურნალისტებიც. გასული წლის პირველ ოქტომბერს “პუბლიკის” ფოტორეპორტიორმა, მინდია გაბაძემ განაცხადა, რომ მატიაშვილი მას დაემუქრა და სცადა ფიზიკური ანგარიშსწორებაც.

“დავით მატიაშვილს სამჯერ ჰქონდა მცდელობა (ორჯერ შენობაში და ერთხელ ეზოში), რომ ფიზიკურად გამსწორებოდა – წიხლის ამორტყმით და ხელის ჩაბღაუჭებით. კიდევ ორი შემთხვევა იყო, სხვა, ახალბედა მანდატურმა პირდაპირ კისერში ჩამავლო ხელი. ყოველ ჯერზე შოკისგან უმოძრაოდ ვიყავი და ჩემი რედაქტორი ნათია გლეჯდა ჩემს თავს მანდატურებს. მეხმარებოდნენ აქტივისტებიც. არ ვიცი, რა აქვთ ჩაფიქრებული და რამეს თუ გეგმავენ, მაგრამ უკვე ისეთი კომფორტი მოიწყვეს, რამე რომ დააბრალონ ნებისმიერს, საპირისპიროს ვერავინ დაამტკიცებს”, – ამბობდა მინდია გაბაძე 2025 წლის ოქტომბერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი