ახალი ამბები

შოთაძე: ვაზაგაშვილის საქმეზე შეკრებილია მყარი მტკიცებულებები

18 აპრილი, 2015 • • 1184
შოთაძე: ვაზაგაშვილის საქმეზე შეკრებილია მყარი მტკიცებულებები

ჟურნალისტის კითხვას, გავიდა თუ არა გამოძიება იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთის კვლაზე? შოთაძე ასე პასუხობს: 

„ამ საქმეში კვალზე დიდი ხანია რაც გასულები ვართ იქიდან გამომდინარე, რომ ამ მკვლელობის უშუალო აღმსრულებელი, ანუ ის პიროვნება, რომელმაც საფლავზე დაამონტაჟა ხელყუმბარა დაკავებულია და პატიმრობაში იმყოფება. შესაბამისად, გამოძიება საკმაოდ წინ არის წასული და შედეგიანია. არსებობს ბევრი ვერსია, თუმცა გამოძიება გრძელდება, არაერთი ვერსიის დამუშავება ხდება და ინტენსიურად გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, რაც წინასწარი გამოძიების ფარგლებში უკვე დაგეგმილია და არსებობს შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა გეგმა. ამ ეტაპზე მე მაინც შევიკავებ თავს დეტალებზე საუბრისაგან. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ საქმეზე შეკრებილია საკმაოდ მყარი მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გია სოსანაშვილი არის ის პიროვნება, რომელმაც დაამონტაჟა ხელყუმბარა ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე, რისი აფეთქების შედეგადაც იური ვაზაგაშვილი გარდაიცვალა.”

 

17 აპრილს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში მდებარე სასაფლაოზე იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმდა.

 

შეგახსენებთ, რომ გიორგი სოსანაშვილს თავდაპირველად ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობისათვის ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით.

 

გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

მასალების გადაბეჭდვის წესი