„ქართული მარში“ ფილმის ჩვენების ჩაშლით იმუქრება

„ქართული მარში“ იმუქრება, რომ კინოთეატრებში ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას ჩაშლიან. კინოთეატრებში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ “საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ [უსაფრთხოების] შესაბამის ზომებს”; ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

რეჟისორ ლევან აკინის ფილმი, რომელიც ქვიარი კაცების სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს, პირველად 8 ნოემბერს უნდა უჩვენონ საქართველოს კინოთეატრებში.

„ზაფხულში როგორც გეი აღლუმი ჩავშალეთ, ისევე ჩავშლით ამ კინოჩვენებას“, — თქვა „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ 30 ოქტომბერს. მან „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა, რომ დაჯგუფება აპირებს ჩვენების ჩაშლას.

მან ასევე თქვა, რომ ეს „მშვიდობიანად, ყოველგვარი ძალდობის გარეშე, კონსტიტუციისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში“ მოხდება. თუმცა „ქართული მარშისა“ და მასთან ერთად დემონსტრაციებზე გამოსული სხვა ქსენოფობიური და ჰომოფობიური ჯგუფების აქციები ძალადობით გამოირჩევა.

ეს და სხვა ჯგუფები 2019 წლის ივნისში ქვიარ უფლებათა აქტივისტებს თბილისში პირველი პრაიდის ჩატარების საშუალებას არ აძლევდნენ. საბოლოოდ, „ღირსების მარში“ მაინც ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო. დემონსტრაციის ადგილად შსს-ც იმიტომ აირჩიეს, რომ ორგანიზატორების თანახმად, სახელმწიფომ მათ უსაფრთხოების გარანტიები არ მისცა.

რამდენიმე კვირით ადრე ულტრანაციონალისტური ჯგუფების აქციაზე „პრაიდის“ მხარდამჭერების წინააღმდეგ „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს ტელეფონი წაართვეს; „ლიბერალის“ ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ: „დაგალეწო, გინდა, ეგ ტელეფონი?“… „შენ დამახსოვრებული მყავხარ“; მილიონერი ბიზნესმენი, ლევან ვასაძე იმ დღეებში პირდაპირ დაემუქრა „პრაიდსა“ და შსს-ს „სახალხო რაზმებითა“ და „ქამრებით“.

კითხვაზე, აიღებს თუ არა პირადად ის ან ჯგუფი პასუხისმგებლობას ძალადობის შემთხვევაში, მან გვიპასუხა: „იმაზე, რომ „ქართული მარშის“ წევრები არ იძალადებენ, ამაზე მე ვარ პასუხისმგებელი. ქუჩაში თუ ვინმე ვინმეზე იძალადებს, მე ამაზე პასუხისმგებელი არ ვარ“.

ძალადობის რისკების არსებობის გამო მიიღებენ თუ არა უსაფრთხოების დამატებით ზომებს კინოთეატრები და სახელმწიფო?

„ჩვენ არანაირი დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღებას არ ვაპირებთ“, — უთხრეს „ნეტგაზეთს“ „კავეას“ (Cavea) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. მოგვიანებით ამავე სამსახურმა დააზუსტა, რომ “საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ [უსაფრთხოების] შესაბამის ზომებს”.

„ნეტგაზეთი“ ელოდება პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.

შენიშვნა: სტატია და მისი სათაური განახლდა კინოთეთრების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com