ახალი ამბები

“ვფიქრობთ, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულები არ უნდა იყვნენ შეწყალებული” – თალაკვაძე

30 ოქტომბერი, 2019 • 1087
“ვფიქრობთ, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულები არ უნდა იყვნენ შეწყალებული”  – თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შეწყალების საკითხზე სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ პოლიციელისა და სამართალდამცავის სიცოცხლის ხელყოფაში მსჯავრდებული, ასევე ძებნილი პირების შეწყალება არ უნდა ხდებოდეს.

თალაკვაძე მიიჩნევს, რომ შეწყალება საგამონაკლისო წესი უნდა იყოს და თითოეული გადაწყვეტილება მხოლოს მაშინ უნდა მიიღონ, თუ ეს სისხლის სამართლის საერთო პოლიტიკასთან, საჯარო ინტერესებთან შესაბამისობაშია და სხვა ალტერნატივა არ არსებობს:

“საქართველოს პრეზიდენტმა მოგვმართა კონსულტაციის მიზნით, რათა შეწყალებასთან დაკავშირებით მიგვეწოდებინა მოსაზრებები. დღეს მას მივაწოდეთ ჩვენი მოსაზრებები, თუ რა კრიტერიუმებსა და პრინციპებზე დაყრდნობით შესაძლოა მოხდეს მომავალში შეწყალება- მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს დანაშაულის ხასიათი და სოციალური რისკი, ხომ არ არის ეს ძალადობრივი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩადენილი მოწყვლადი ჯგუფების, ბავშვის ან ქალის წინააღმდეგ.

ასევე, ვფიქრობთ, რომ სასურველია, გათვალისწინებული იყოს ის შემთხვევები, როდესაც პირს აქვს შესაძლებლობების შეზღუდვის ისეთი ხარისხი ან ისეთი სამედიცინო დიაგნოზი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის სასჯელის მიზნებთან; ვფიქრობთ, რომ არ უნდა იყვნენ შეწყალებულნი პოლიციელის, სამართალდამცავის სიცოცხლის ხელყოფისთვის მსჯავრდებული პირები;

ასევე, სასურველია, არ მოხდეს ძებნილი პირის შეწყალება. მიგვაჩნია, რომ შეწყალება უნდა იყოს საგამონაკლისო წესი – ანუ, შეწყალების თითოეული გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ უნდა იყოს მიღებული, თუ ეს სისხლის სამართლის საერთო პოლიტიკასთან, საჯარო ინტერესთან შესაბამისობაშია და სხვა ალტერნატივა არ არსებობს.“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.​

მასალების გადაბეჭდვის წესი