ახალი ამბები

“დაწესდეს 320-ლარიანი მინიმალური ხელფასი” – პროფკავშირები პარლამენტს მიმართავს

30 ოქტომბერი, 2019 • 2030
“დაწესდეს 320-ლარიანი მინიმალური ხელფასი” – პროფკავშირები პარლამენტს მიმართავს

საქართვლოს პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტში მინიმალური ხელფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა.

როოგრც პროფკავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, საქართველოში, დღეის მდგომარეობით, კერძო სექტორში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია 20 ლარით, ხოლო საჯარო სექტორში- 135 ლარით, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.

ინიციატივის მიხედვით კი მინიმალური ხელფასი თვეში არანაკლებ 320 ლარით განისაზღვრება, რაც საშუალო ხელფასის 30%-ს შეადგენს და ავტორების განცხადებით, საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა.

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მინიმალური ხელფასი ყოველწლიურად გადაიხედება:

“კანონის მიღება გავლენას მოახდენს 130 000 დასაქმებულზე, ანუ დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ზე, რომელთა ხელფასიც თვეში 320 ლარზე ნაკლებია. კანონპროექტის რეგისტრაციის შედეგ საჭირო იქნება 30 000 ხელმოწერის შეგროვება და პარლამენტში წარდგენა”, – აცხადებენ პროფკავშირებში.

როგორც პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, რაისა ლიპარტელიანმა “ნეტგაზეთს” უთხრა, ინიციატივის მიხედვით, მინიმალური ხელფასი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ დადგენილი საშუალო ხელფასიდან არის გამოთვლილი.

ლიპარტელიანი “ნეტგაზეთთან” აღნიშნავს, რომ მეთოდოლოგია, რომელსაც საქსტატი იყენებს, სადავოა, თუმცა აცხადებს, რომ ეს ერთადერთი ოფიციალური მონაცემია, რაც ქვეყანაში არსებობს:

“ჩვენ ამ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი პრეტენზია. კერძოდ, ჩვენთან არ ხდება მედიანურად საშუალო ხელფასის გამოთვლა და ის, რაც გამოჰყავს საქსტატს, არის ტოპ მენეჯერებით დაწყებული, ყველაზე დაბალი რგოლით დამთავრებული.

ყველამ ვიცით, რომ 1068 ლარი, რაც არის ბოლო მონაცემი, რეალურად არ არის საშუალო ხელფასი ქვეყანაში. მთელი სექტორებია, სადაც 300-400 ლარს არ აღემატება ხელფასი. მეორე მხრივ, ეს არის ოფიციალური საშუალო ხელფასი, რომელსაც სახელმწიფო ადგენს”, – ამბობს ლიპარტელიანი.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

რატომ არ არის ზუსტი საქსტატის დასახელებული საშუალო ხელფასი

მასალების გადაბეჭდვის წესი