ახალი ამბები

პრეზიდენტი: საქართველო, მოლდოვა და უკრაინა დემოკრატიული გზის არჩევისთვის ისჯებიან

16 აპრილი, 2015 • 1106
პრეზიდენტი: საქართველო, მოლდოვა და უკრაინა დემოკრატიული გზის არჩევისთვის ისჯებიან

“საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ხალხებმა აირჩიეს აღმოსავლეთ პარტნიორობის გზა დემოკრატიის განვითარებისა და მშვიდობისათვის რეგიონში. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ამ არჩევანისთვის ისჯებიან. მაგრამ ჩვენი ერების არჩევანი უალტერნატივო და შეუქცევადია. სწორედ ამიტომ არჩევანი აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ასოცირების ხელშეკრულების სასარგებლოდ უნდა იყოს მტკიცედ მხარდაჭერილი საერთაშორისო საზოგადოებისა და ევროკავშირის მიერ. ნათლად და მკაფიოდ უნდა გაცხადდეს, რომ აღმოსავლეთ პარტიორობის ქვეყნების რეგიონალური უსაფრთხოება და მშვიდობა უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის ქვეყნების საერთო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლატვიის უნივერსიტეტს გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მოწვეული სტუმრებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობა: რიგის სამიტი და შემდგომი პერიოდი – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროკავშირისა და მისი სამეზობლოსათვის“.

 

პრეზიდენტმა ლექციაზე მაისში დაგეგმილი რიგის სამიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

 

“მომავალი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტი არ არის რიგითი ჩვენთვის. საქართველოს სჭირდება კონკრეტული შედეგები, რაც ხაზს გაუსვამს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას და მოგვცემს ხელშესახებ სარგებელს ჩვენი ხალხისათვის,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

საქართველოს დელეგაცია ლატვიას 15 აპრილს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ლატვიის პრეზიდენტთან, ანდრის ბერზინშისთან, ლატვიის რესპუბლიკის სეიმის სპიკერ ინარა მურნიეცესთან; ლატვიის პრემიერ-მინისტრ ლაიმდოტა სტრაუიუმასთან, სადაც ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.  ასევე, საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა ყვავილების თაიგულებით შეამკეს თავისუფლების მონუმენტი. პრეზიდენტის ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ბიზნესმენების შეხვედრაც.

გიორგი მარგველაშვილმა ლატვიის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე
გიორგი მარგველაშვილმა ლატვიის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე ‘აღმოსავლეთ პარტნიორობა: რიგის სამიტი და შემდგომი პერიოდი – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროკავშირისა და მისი სამეზობლოსათვის’. ფოტო– პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი