ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის სასამართლო – ყოფილი პრეზიდენტების ბასტილია?

30 ოქტომბერი, 2019 • 1988
სომხეთის სასამართლო – ყოფილი პრეზიდენტების ბასტილია?

ავტორი: ნორიკ გასპარიანი


სომხეთის რესპუბლიკაში ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ აქტიურად განიხილება სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმების საკითხი. ამ მხრივ განსაკუთრებული დისკუსიის საგანია სასამართლო ხელისუფლების რეფორმა. სომხეთში ოპოზიციაც და ხელისუფლებაც თანხმდება იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში რეფორმების ჩატარება აუცილებელია, თუმცა არსებობს აზრთა სხვადასხვაობა თავად რეფორმების მეთოდებზე. ხელისუფლება ამბობს, რომ სასამართლოს დღევანდელი შემადგენლობით რეფორმების ჩატარება ეფექტს არ მოიტანს.

წელიწადზე მეტია, სომხეთის რესპუბლიკაში სასამართლოებთან დაკავშირებით ხმაური არ წყდება. ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოქალაქეებს მოუწოდა, გადაეკეტათ ყველა სასამართლოს შესასვლელი. მოგვიანებით ფაშინიანმა უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს, კერძოდ, მისი ხელმძღვანელის, ჰრაირ თოვმასიანის საკითხი წამოწია წინა პლანზე.

2019 წლის 19 მაისს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თავისი ფეისბუქ-გვერდის მეშვეობით მოქალაქეებს მოუწოდა, რომ 20 მაისს, დილიდანვე გადაეკეტათ სომხეთის რესპუბლიკაში არსებული ყველა სასამართლო შენობის შესასვლელი, – “ისე, რომ შიგნით შესვლა ვერავინ შეძლოს”. 

ფაშინიანის ამ მოწოდებს წინ უძღოდა “პირველი მარტის” საქმეზე [კონსტიტუციური წესრიგის დამხობა და განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ქრთამის აღება] ეჭვმიტანილი სომხეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის სასამართლოდან გათავისუფლება. 

ქოჩარიანის საქმე სომხეთში წლებია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სომხეთის პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის ხელმძღვანელობით, რომელიც არჩევნების შედეგებს არ ცნობდა, ერევანში მიტინგები იმართებოდა. პეტროსიანი არჩევნებში გამარჯვებულად საკუთარ თავს მიიჩნევდა. 

მიტინგების დროს პოლიციასა და მშვიდობიან მომიტინგეებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა. თუმცა ყველაზე სისხლიანი პირველი მარტის ღამე იყო. 2 მარტს, გამთენიისას, შეტაკებას 10 ადამიანი ემსხვერპლა (8 მოქალაქე და 2 პოლიციელი). ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც მაშინ აქციების ერთერთი ლიდერი იყო, აქციების შემდეგ თანამოაზრეებთან ერთად, საბოლოოდ, 2009 წელს გამოცხადდა პოლიციაში, ხოლო 2010 წელს სასამართლომ 7 წელი მიუსაჯა. წელიწადზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ ფაშინიანი ამნისტიით გათავისუფლდა. 

ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ ფაშინიანის ხელისუფლებამ პირველი მარტის მოვლენებთან დაკავშირებით საქმე აღძრა. შედეგად, ბრალი წაუყენეს სომხეთის მეორე პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ მიქაელ ჰარუთიუნიანს და გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს და კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის მოქმედ გენერალურ მდივანს, იური ხაჩატუროვს.  

აღნიშნული საქმის სასამართლო პროცესი ძალიან უცნაურად ვითარდება, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც რობერტ ქოჩარიანს ეხება. ყოფილი პრეზიდენტი ჯერ დააკავეს, შემდეგ ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლომ შეცვალა აღკვეთის ღონისძიება და გაათავისუფლა. 

მოგვიანებით ქოჩარიანი ხელახლა დააკავეს და კიდევ ერთხელ გაათავისუფლეს. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა რობერტ ქოჩარიანის სარჩელის განხილვაზე და პატიმრობაში დატოვა, ხოლო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქოჩარიანის იურისტების საჩივრის განხილვა დაიწყო.

აქ უნდა აღინიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და მისი ხელმძღვანელის, ჰრაირ თოვმასიანის როლი. 

ჰრაირ თოვმასიანი სომხეთის იუსტიციის მინისტრად 2010 წელს მაშინდელი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ბრძანებით დაინიშნა. მოგვიანებით პრეზიდენტს დაქვემდებარებული “საკონსტიტუციო ცვლილებების სპეციალისტთა ჯგუფის” წევრი გახდა. 

2012 წელს თოვმასიანი შეუერთდა სომხეთის მმართველ “რესპუბლიკურ” პარტიას, რომელიც 2018 წელს დატოვა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარედ ინიშნებოდა. 

სწორედ 2018 წლის აპრილიდან ძალაში შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 2018 წლიდან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს 6 წლის ვადით ირჩევს არა პარლამენტი, არამედ თავად საკონსტიტუციო სასამართლო. აღსანიშნავია ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ის წევრები, რომლებიც დანიშნული იყვნენ 2018 წლის აპრილამდე, თანამდებობას დაიკავებენ უვადოდ, ხოლო 2018 წლის შემდეგ დანიშნული მოსამართლეების უფლებამოსილების ვადა იწურება 12 წელიწადში. რევოლუციის შემდეგ ორი ახალი წევრი აირჩიეს – ვაჰე გრიგორიანი და არმან დილანიანი. 

ზოგადად, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლო ისედაც არასოდეს სარგებლობდა  საზოგადოების დიდი ნდობით. საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე ხმაურიანი საქმე განიხილა, მათ შორის, 1996 წლიდან ყველა არჩევნების შედეგების კანონიერება. 1996 წლიდან მოყოლებული ყველა საპრეზიდენტო არჩევნები, გარდა 1998 წლის არჩევნებისა, გასაჩივრებული იყო, თუმცა სასამართლომ შედეგები კანონიერად ცნო. 

იგივე მოხდა მაშინაც, როდესაც მთიანი ყარაბაღის ყოფილმა პრეზიდენტმა, რობერტ ქოჩარიანმა გადაწყვიტა, სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. ოპოზიცია მიიჩნევდა, რომ ქოჩარიანი ბოლო 10 წლის განმავლობაში არ იყო სომხეთის მოქალაქე (რასაც კონსტიტუცია მოითხოვდა). საკონსტიტუციო სასამართლომ კი მაშინ გადაწყვიტა, რომ ქოჩარიანს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა. 

საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ყოფილი ხელისუფლების ბასტილია 

ფაშინიანის მიერ სასამართლოების შესასვლელის ჩარაზვის მოწოდება საბოლოოდ უშედეგო აღმოჩნდა. თუმცა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად დიდი საზოგადოებრივი ნდობა არსებობს მის [ფაშინიანის] მიმართ. ფაშინიანმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს ყველაფერი იმის საჩვენებლად გააკეთა, რომ “არ ერევა სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში” და მას “არ სჭირდება მარიონეტული სასამართლო სისტემა”. 

ფაშინიანის ეს ნაბიჯი კრიტიკის საგანი გახდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, უმეტესწილად იმიტომ, რომ პრემიერის ეს ნაბიჯი ძალაუფლების დანაწილების ლოგიკას ეწინააღმდეგებოდა. 

უკვე მოგვიანებით სომხეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჰრაირ თოვმასიანს ჩამოერთვას საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის თანამდებობა. 

2019 წლის 4 ოქტომბერს ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” ინიციატივით პარლამენტში კენჭისყრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა ასევე ოპოზიციური პარტია “განათებული სომხეთი”. მეორე საპარლამენტო ძალამ – “აყვავებული სომხეთი” –  კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საბოლოოდ, პარლამენტმა 98 ხმით მიიღო “საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ჰრაირ თოვმასიანის უფლებამოსილებების შეწყვეტის შესახებ” პროექტი და საკონსტიტუციო სასამართლოს გაუგზავნა. თუმცა სასამართლომ 5 ოქტომბერს უარი განაცხადა თოვმასიანის თანამდებობიდან დათხოვნაზე. 

ილუსტრაცია ჰრაირ თოვმასიანზე წარწერით “როგორც ჯარისკაცი იცავს საზღვარს, მეც ასევე დავიცავ სასამართლოს”.

აღსანიშნავია ისიც, რომ სანამ ზემოთ ხსენებული მოვლენები განვითარდებოდა, რობერტ ქოჩარიანის ადვოკატემბა მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა განეხილათ აღძრული სისხლის სამართლის საქმის და აღკვეთის ღონისძიების კონსტიტუციურობა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო მიმართვის განხილვა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰრაირ თოვმასიანი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას წარმოადგენს. იგი აცხადებს, რომ არ აპირებს თანამდებობა დატოვოს, სანამ ვადა არ ამოიწურება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მორიგი არჩევნები 2022 წელს არის დანიშნული. 

2015 წელს მაშინდელ პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის მიერ წამოყენებული საკონსტიტუციო ცვლილებების ის ნაწილი, რომელიც სასამართლო ხელისუფლებას ეხებოდა, ნაკლები ყურადღების ქვეშ იყო იმდროინდელი ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ამჟამად სომხეთის  ხელისუფლებაა.

გამოდის, რომ სარგსიანის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები მიმართული იყო არა მხოლოდ საკუთარი ხელისუფლების გახანგრძლივებაზე, არამედ ფესვების დატოვებაზეც – სასამართლო გახდა ყოფილი პრეზიდენტების – სერჟ სარგსიანის და რობერტ ქოჩარიანის ბასტილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი