ახალი ამბები

თუშეთის ეროვნული პარკი WMF-ის მსოფლიოს 25 ძეგლს შორისაა, რომელთაც საფრთხე ემუქრება

30 ოქტომბერი, 2019 • 1722
თუშეთის ეროვნული პარკი WMF-ის მსოფლიოს 25 ძეგლს შორისაა, რომელთაც საფრთხე ემუქრება

მსოფლიო მონუმენტების ფონდმა 2020 წლის სიაში 25 კულტურულად მნიშვნელოვანი ძეგლი დაამატა, რომელიც ფონდის შეფასებით საფრთხის წინაშე დგას და ყურადღებას იმსახურებს. 25 ძეგლში თუშეთის ეროვნული პარკიც მოხვდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

თუშეთის ეროვნული პარკის გარდა, სიაში მოხვდა ნოტრ-დამის ტაძარი პარიზში, რომელიც ხანძარმა დააზიანა, ინკების წმინდა ველი პერუში და სხვა.

“ყველაზე ფასეულ კულტურულ ძეგლებს ხშირად აღვიქვამთ ჩვეულებრივ მოვლენად. ზოგჯერ მანამდე არ ვაცნობიერებთ მათ მნიშვნელობას, რომელიც ასეთ გავლენას ახდენს ჩვენი, როგორც ინდივიდების, საზოგადოების და მოქალაქეების ფორმირებაზე, სანამ ისინი რისკის ქვეშ არ მოექცევიან“, – განაცხადა ბენედიქტ დე მონტლარმა, ფონდის გენერელაურმა დირექტორმა.

ფონდის ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია თუშეთის ეროვნული პარკის შესახებ:

“ბოლო წლებში ქვეყნის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია საქართველოში ეროვნულ პრიორიტეტად იქცა, როგორც საშუალება, გაზარდოს ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა მსოფლიო არენაზე. თუმცა თუშეთის გავლით ახალი გზის მშენებლობა თუშებისთვის თავსატეხი აღმოჩნდა: მართალია, გაუმჯობესებული და უსაფრთხო გზა ადგილობრივებს დიდ სარგებელს მოუტანს, მაგრამ არსებობს რისკი, რომ საფრთხის ქვეშ დადგეს ინვესტიციები მდგრადი ტურიზმის სფეროში მასობრივი ტურიზმის სასარგებლოდ. ბევრმა გადაწყვიტა, გზის აშენების წინააღმდეგ გამოსულიყო. 2017 წლის ონლაინ-პეტიციას 12 000-ზე მეტმა მოაწერა ხელი. ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ დიდი ტრასის აშენების მაგივრად აჯობებდა გზების გამოსწორება თვითონ სოფლებში. 2020 წელს მონუმენტების სიაში თუშეთის ეროვნული პარკის შეყვანით ფონდს სურს ხელი შეუწყოს თუშეთში მდგრადი ტურიზმის ზრდას, ადგილობრივი ტრადიციების აღორძინებას და ადგილობრივთა ინტერესებისთვის გრძელვადიანი განვითარების გეგმის შემუშავებას“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

25 ძეგლი 250 კანდიდატიდან ამოარჩიეს. ისინი შეუერთდებიან სხვა ძეგლებს, რომლებსაც ფონდი 1996 წლიდან აღრიცხავს. ძეგლის მოვლით დაინტერესებული პირები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ფონდის სპონსორის მიერ გაცემული გრანტისთვის.

მათ აგრეთვე შეუძლიათ მიიღონ დაფინანსება ფონდისგან და სხვა წყაროებისგან. 1996 წლიდან ფონდმა შესაბამისი ღონისძიებისთვის 110 მილიონი დოლარი გამოყო, ხოლო სხვა მხარეებმა – დაახლოებით 300 მილიონი.

მასალების გადაბეჭდვის წესი