ანაკლია ანაკლიის პორტი

3 საკითხი, რომელთა გადაჭრაც კონსორციუმის აზრით, ანაკლიის პროექტს წინ წასწევს

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის თქმით, მთავრობასთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ანაკლიის პორტის აქციონერები იძულებული იქნებიან, საკითხი საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაში გადაიყვანონ, რაც ნიშნავს, რომ პროექტი გაურკვეველი ვადით გაჩერდება და ქვეყნის საინვესტიციო გარემო დაზიანდება.

ახვლედიანის თქმით, პროცესების ამგვარი განვითარება არცერთმა მხარემ არ უნდა დაუშვას.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის უპირატესობებზე, პროექტის დამაბრკოლებელ გარემოებებზე და შექმნილი სიტუაციიდან არსებულ გამოსავალზე ახვლედიანმა საქართველოს პარლამენტში, დამოუკიდებელი დეპუტატების- ლევან კობერიძის, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძისა და კობა ნარჩემაშვილის -გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ახვლედიანის თქმით, არასწორია განცხადებები იმის შესახებ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი კომერციულად გამართლებული არ არის და ამის დასტურად საერთაშორისო ექსპერტების დასკვნები არსებობს.

“საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა შავ ზღვაზე, რომელიც დარჩენილია ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე. ასეთი მასშტაბის პროექტი საქართველოში, ანაკლიის გარდა, სხვაგან ვერ განხორციელდება. ანაკლიის აშენებით ჩვენ არა მარტო მოვემსახურებით ტვირთების ზრდის დადებით ტენდენციას, ასევე, შევძლებთ დავიბრუნოთ ის ტვირთები, რომელსაც ქვეყანა კარგავს შეზღუდული ინფრასტრუქტურის გამო. დიდი გემები უზრუნველყოფენ 250 დოლარამდე დანაზოგს თითო კონტეინერზე, რაც ყოველწლიურად 140 მლნ დანაზოგია ყოველწლიურად ინდუსტრიისთვის. ამ პროექტის განხორციელების 20 წლისთავზე შეიქმნება 26 000 ახალი სამუშაო ადგილი და 1,1%-ის კონტრუბუცია განხორციელდება მშპ-ში; დამატებით გენერირებული იქნება 120 მლნ ლარის გადასახადები და შეიქმნება 2,8 მილიარდი ლარის დამატებითი ეკონომიკური ღირებულება”, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე საუბრისას ახვლედიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს შანსს, გახდეს რუსეთის სავაჭრო დერეფნის სანდო ალტერნატივა დასავლეთისთვის.

“სანამ აქ ჩვენ ვზივართ, რუსეთი დაჩქარებული ტემპებით ემზადება ახალი ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად შავი ზღვის თავის აკვატორიაში. საქართველომ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი სტრატეგიული როლი და ამის გამო არის უპრეცედენტო დაინტერესება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ. ანაკლია არის ის განმაპირობებელი ფაქტორი, რომელიც დაამკვიდრებს საქართველოს, როგორც სანდო ალტერნატივას რუსეთის დერეფნისთვის”, – აღნიშნა ახვლედიანმა.

მისი თქმით, ძალიან ბევრმა მოწინავე ოპერატორმა უარი თქვა ანაკლიის პორტის ამ პროექტში შემოსვლაზე სხვადასხვა ფაქტორის გამო, რომელთაგან ერთ-ერთი აფხაზეთთან სიახლოვე იყო.

ლევან ახვლედიანის თქმით, თავდავპირველად კერძო და საჯარო სექტორს შორის ანაკლიის პორტის გარშემო პარტნიორობა სამაგალითო იყო, თუმცა 2018 წლის ზაფხულის ბოლოს “ამ პარტნიორობამ დაიწყო ნგრევა”. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორი ამბობს, რომ ეს პროცესები კონსორციუმს არ დაუწყია და სირთულეები შექმნა არა მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამ “თიბისის” დამფუძნებლების მიმართ, არამედ ფოთის პორტის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე ნებართვამ.

ახვლედიანის ინფორმაციით, გაფორმების შემდეგ საინვესტიციო ხელშეკრულებაში 40-მდე ცვლილება შევიდა, აქედან 27 – კონსორციუმის, 22  კი – მთავრობის სასარგებლოდ.

ლევან ახვლედიანმა დაასახელა სამი ძირითადი საკითხი, რომელთა გადაწყვეტის შემთხვევაშიც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას საფრთხე არ დაემუქრება:

  1. “კომფორტი ინვესტორებს – ყველა ინვესტორი ითხოვს, რომ მთავრობისგან მათთან მიმართებაში იყოს გამოცხადებული კონკრეტული მხარდაჭერა. ჩვენ ამ რთულ ვითარებაში ბოლო 2-3 თვის განმავლობაში 2 ინვესტორი მოვიყვანეთ. მათ ზუსტად ეს მოითხოვეს. სამწუხაროდ, ეს მხარდაჭერა გაცხადებული არ იყო. გუშინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ამ ორი ინვესტორიდან ერთ-ერთმა (“მერიდიანმა”) პროექტის მიმართ ინტერესი გაიტანა”.
  2. “არასწორად არის დახასიათებული ბანკებისგან ტვირთბრუნვის გარანტიის დაზღვევის მოთხოვნა. ეს არ არის გარანტია, ეს არ არის დაზღვევა. აქ საუბარია ბანკების მიერ სესხის გადახდის ნაწილობრივ გარანტიაზე, ანუ ეს არის დამატებითი ფონდი, რომელიც უნდა შეიქმნას. ეს არანაირად არ ემსახურება ანაკლიის ინვესტორების კომერციული რისკის კაპიტალში დაზღვევას. ეს მოთხოვნა მხოლოდ მიმართულია ბანკების სესხების ნაწილობრივ დასაფარად, თუ ეს საჭიროება დადგება. ჩვენ მთავრობას ზაფხულში ძალიან დაბალანსებული, სამართლიანი ალტერნატივით მივმართეთ, როგორ შეიძლებოდა ეს პრობლემა მოგვარებულიყო. შევთავაზეთ 150 მილიონდოლარიანი მექანიზმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ კონსორციუმის ინვესტორები 50 მლნ-ით; ევროკავშირმა მზადყოფნა გამოთქვა, ასევე, 50 მლნ დოლარის ოდენობით მონაწილეობაზე ამ მექანიზმში და ევროკავშირის წინაპირობა იყო, რომ მთავრობასაც მიეღო მონაწილეობა 50 მლნ დოლარით. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს თანხა ათვისებული საერთოდ არ იქნება, მაგრამ რომც იყოს ათვისებული ეს თანხები, პროექტს სესხად დაერიცხება და გარკვეული პერიოდის მანძილზე გასტუმრებული იქნება. ბანკები მას ითხოვენ იმიტომ, რომ ანაკლია არის დიდი სტარტაპი”.
  3. “SSA Marine-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომ მთავრობამ არ გაუწიოს კონკურენცია ანაკლიის პორტს სხვა პორტში ინვესტირებით ან სახელმწიფო რესურსის გამოყოფით. ანუ საუბარია, რომ თუ ანაკლიას მხარდაჭერას უცხადებთ, ნუ გაუწევთ კონკურენციას სხვა ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის, ვიდრე ანაკლიის პორტის პირველი ფაზა არ მიაღწევს 70%-იან უტილიზაციას. SSA Marine-ის ეს მოთხოვნა დადგა მხოლოდ და მხოლოდ ამ ზაფხულს და ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რაც მოხდა მაისში – ფოთის პორტზე ნაბართვის გაცემა-გაუქმებით”.

ლევან ახვლედიანი მიიჩნევს, რომ შეიძლება სამივე საკითხის გადაიჭრა მოლაპარაკების შედეგად მოხდეს.

“არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ, სამწუხაროდ, აქამდე ვერ მოვახერხეთ მთავრობის აზრიან მოლაპარაკებებში ჩართვა ამ სამ საკითხთან დაკავშირებით. ვიტოვებთ იმედს, რომ ისევ მთავრობასთან ერთად, რადგან სხვანაირად არ გამოვა, დავსხდებით და მოვილაპარაკებთ ამ სამი და დანარჩენი საკითხების გადაჭრაზე. არ უნდა დაუშვას არცერთმა მხარემ, რომ ეს პროექტი საერთაშორისო, იურიდიულ დავაში გადაიზარდოს. ეს ნიშნავს იმას, რომ პროექტი გაჩერდება გაურკვეველი ვადით და ქვეყნის საინვესტიციო გარემო უაღრესად დაზიანდება. წლის ბოლომდე ვადის მოცემა არაკონსტრუქციულია. მინიმუმ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. თუ სახელმწიფო გადაწყვეტს წყლის ბოლოს გაგვიწყვიტოს კონტრაქტი, იძულებული გავხდებით ჟენევაში წავიდეთ საარბიტრაჟო დავაში და მაშინ არცერთი მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორი არ გაეკარება ამ პროექტს, მინიუმ სანამ დავა მიმდინარეობს. ამიტომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ ეს დავა გადაიზარდოს საარბიტრაჟო დავაში”, – განაცხადა ახვლედიანმა.

ლევან ახვლედიანი  კომერციულად ალოგიკურად მიიჩნევს, სახელმწიფომ სრულად აიღოს თავის თავზე პროექტის განხორციელება და 600 მილიონის ინვესტიცია განახორციელოს მაშინ, როდესაც არსებულ ვითარებაში მხოლოდ 100 მილიონის დახარჯვა უწევს საპარტნიორო ფონდიდან და 50 მილიონის – დამატებითი გარანტიის მექანიზმის შექმნაში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.