ახალი ამბები

გომელაური: კიბერდანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება

30 ოქტომბერი, 2019 • 1527
გომელაური: კიბერდანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ქართულ ვებგვერდებზე რამდენიმე დღის წინ განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ აცხადებს, რომ ამგვარი დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება და ის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მძიმე მიმართულებაა:

“ეს ყველა ქვეყანაში ხდება – დაწყებული აშშ-დან, ბრიტანეთი, ევროპული ქვეყნები. ეს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მძიმე მიმართულებაა. იყო, რა თქმა უნდა, შეტევა და მუშაობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად. ასევე, ჩვენი პარტნიორები არიან ჩართული, საზღვარგარეთიდან მეგობრები და ვფიქრობთ, რომ გავალთ ბოლოში.

მე ტერმინოლოგიით არ შემიძლია ვილაპარაკო. ყველას პასუხისმგებლობაა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროსი. ვმუშაობთ ამ თემაზე და ჯერჯერობით, სანამ არ დამთავრდება გამოძიება, ვერ გეტყვით. ის, რომ დაცული იყო თუ არა, ძალიან სერიოზული ქვეყნების უმაღლესი სტრუქტურების ვებგვერდებს ტეხენ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

28 ოქტომბერს, დილიდან, კიბერშეტევის გამო “პროსერვისზე” მიბმული ათასობით ვებსაიტი გაითიშა, მათ შორის პრეზიდენტის, სასამართლოების და სხვა ადმინისტრაციული ვებგვერდები.

28 ოქტომბერს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიბერშეტევა განხორციელდა ქართული ტელეკომპანიების სერვერებზეც. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ეტაპზე აღნიშნული კომპანიების ვებსერვერებზე მსგავსი ტიპის კიბერშეტევა არ განხორციელებულა, თუმცა ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით.

სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე უნებართვო შეღწევისა და მონაცემების უნებართვო შეცვლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და 286-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი