“ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ ვიცით, თუ რომელმა ქვეყანამ გააკეთა ეს და რომელმა ქვეყანამ მიანიჭა თავშესაფარი და დაიცვა ის ადამიანი, რომელსაც, სავარაუდოდ, ძალიან ბევრი ცუდი აქვს საქართველოში გაკეთებული. პროკურტაურამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ადამიანი წითელ ცირკულარში ყოფილიყო შეტანილი. ის წერილი, რომელიც ინტერპოლიდანაა მიღებული, აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ თავშესაფრის სტატუსის გამო მოხსნილია ეს ადამიანი [ძებნიდან]”, – განაცხადა წულუკიანმა.
არც მთავარი პროკურატურა აკონკრეტებს, რომელმა ქვეყანამ მიანიჭა ადეიშვილს ლტოლვილის სტატუსი. ნეტგაზეთი მის ადვოკატ ოთო კახიძესაც დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ იგი არც უარყოფს და არც ადასტურებს ცნობას იმის თაობაზე, რომ მის კლიენტს თავშესაფარი მიღებული აქვს, თუმცა მეტი კონკრეტიკისაგან ადვოკატმაც თავი შეიკავა.
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირების რეესტრში აღარ არის. ინტერპოლის ვებგვერდზე ადეიშვილის შესახებ მონაცემები აღარ იძებნება.
როგორც ნეტგაზეთს ადეიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განუცხადა, დაცვის მხარე პერიოდულად უგზავნიდა ინტერპოლს საქმის მასალებს ადეიშვილის საქმესთან დაკავშირებით და ცდილობდა იმის დადასტურებას, რომ ადეიშვილი საქართველოში პოლიტიკური ნიშნითაა დევნილი, თუმცა, ადვოკატის თქმით, ინტერპოლისაგან საბოლოო პასუხი არ მიუღია. ადვოკატი ამბობს, რომ ბოლო ასეთი მიმოწერა ინტერპოლთან 4 თვის წინ ჰქონდა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ზურაბ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თაობაზე შუამდგომლობით 2013 წლის 10 იანვარს მიმართა. ადეიშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა კი 2013 წლის 14 ნოემბერს გამოცხადდა. 2013 წლის ნოემბერში გავრცელდაინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ადეიშვილი უნგრეთში ცხოვრობდა და ამ ქვეყანაში თავშესაფრის მიღების პროცედურებიც დაიწყო. ადვოკატმა ოთო კახიძემ მაშინ ნეტგაზეთს უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა მიღებული, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყანაში.
მაიდნის მოვლენების შემდეგ, როდესაც უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა, ადეიშვილი უკრაინაში გამოჩნდა. უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, გია გეწაძის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე მუშაობს ექსპერტის სტატუსით.
ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის ძებნა ერთდროულად დაიწყო. ორგანიზაციის ვებგვერდზე კეზერაშვილი კვლავ ძებნილადაა მოხსენიებული, ხოლო ადეიშვილი – არა.
ადეიშვილს საქართველოში ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით დაუსწრებლად წაუყენეს. მას ასევე ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოკაციის ორგანიზება.
