ახალი ამბები

შავგულიძე: მედიის დამოუკიდებლობის კუთხით დღეს უფრო მძიმე ვითარება იქმნება, ვიდრე 2007 წელს

30 აგვისტო, 2015 • • 1134
შავგულიძე: მედიის დამოუკიდებლობის კუთხით  დღეს უფრო მძიმე ვითარება იქმნება, ვიდრე 2007 წელს

“გუშინ საღამოს ტელეკომპანია „იმედმა“ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა განცხადება 2016 წლამდე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შეჩერების შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ მედიის დამოუკიდებლობის – სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით დღეს უფრო მძიმე ვითარება იქმნება ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ეს იყო 2007 წელს.


2007 წელს, ტელეკომპანია “იმედი” არ დაემორჩილა რა ხელისუფლების სურვილს და მცდელობას გაეკონტროლებინა ამ მედიასაშუალების პროფესიული საქმიანობა, ხელისუფლება იძულებული გახდა სპეცრაზმებით შეჭრილიყო “იმედში” და ძალით გაეჩერებინა ტელევიზია. ხელისუფლების ამგვარ ძალადობას მოჰყვა ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მყისიერი რეაგირება მედიის დამოუკიდებლობის დასაცავად, რაც მხარდაჭერილი იქნა საერთაშორისო დონეზეც. შესაბამისად, მაშინდელმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფასი გადაიხადა სიტყვის თავისუფლების ხელყოფისათვის.


დღეს კი, როგორც ვხედავთ, ხელისუფლების კონტროლი მედიაზე ჩვენს ქვეყანაში მედიამფლობელების თვითკონტროლის ხარისხშია აყვანილი – ტელეკომპანია თავად აცხადებს უარს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებზე და ეს ხდება წინასაარჩევნო წლის დასაწყისში, მაშინ, როდესაც ტელეკომპანიის რეიტინგის გაზრდა, რისკენაც ბუნებრივად უნდა ისწრაფვოდეს დამოუკიდებელი მედიასაშუალება, სწორედ ამ სახის გადაცემებზეა დამოკიდებული”, – აცხადებს შავგულიძე და დასძენს, რომ საქართველოში დემოკრატიის განვითარება სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რამდენადაც ხდება დემოკრატიული საზოგადოების და სახელმწიფოს ისეთი ფუნდამენტური ღირებულების ხელყოფა, როგორსაც მედიის დამოუკიდებლობა – სიტყვის თავისუფლება წარმოადგენს.


“იმედი მაქვს, ტელეკომპანია „იმედის“ მეპტრონეები სათანადოდ შეაფასებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მაუწყებლობის ფართო არეალის მქონე პოპულარულ ტელეკომპანიას აკისრია ქვეყნის და საზოგადოების წინაშე, შეცვლიან გამოცხადებულ პოზიციას საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შეჩერების შესახებ და არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რაც ზიანს მიაყენებს როგორც თავად ტელეკომპანიის რეიტინგს, ისე მთლიანად ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას. ჯანსაღ წინასაარჩევნო გარემოს სჭირდება რაც შეიძლება მეტი სივრცე განსხვავებული პოზიციების გამოსახატავად, რასაც სწორედ დამოუკიდებელი მედია ქმნის და ძალზედ სამწუხარო იქნება, თუ ტელეკომპანია “იმედი” გამოაკლდება ასეთ მედიასაშუალებათა ისედაც მცირერიცხოვან ჩამონათვალს ჩვენს ქვეყანაში”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შავგულიძე ფეისბუკზე ავრცელებს.


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, რომელიც “რეაქციის” წამყვანი იყო, ნეტგაზეთთან აცხადებს, რომ ტელეკომპანია “იმედის” მიერ რეიტინგული გადაცემების დახურვა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

 

“ორივე რეიტინგული გადაცემაა და არავითარი საფუძველი არა მაქვს ვიფიქრო, რომ მათი დახურვის მიზეზი ფორმატია. ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება”, – განუცხადა ნეტგაზეთს ინგა გრიგოლიამ.

 

მან  ნეტგაზეთთან კომენტირებისას 29 აგვისტოს თავდაპირველად უარყო ინფორმაცია მისი გადაცემის დახურვის შესახებ, თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც “იმედმა” განცხადება გაავრცელა, გვითხრა, რომ ნეტგაზეთის კითხვების შემდეგ შეხვდა არხის ხელმძღვანელობას და შეიტყო ინფორმაცია  გადაცემის დახურვის შესახებ.

 

მისი თქმით, მიზეზი მასაც ის უთხრეს, რაც არხის განცხადებაშია ნათქვამი და რისიც არ ჯერა.  

 

გრიგოლია ამბობს, რომ არ გაკვირვებია ეს გადაწყვეტილება. “ყოველი ხელისუფლების დროს ასე ხდება, უკვე აღარ მიკვირს”.

 

ჟურნალისტი ამბობს, რომ ტელეკომპანია “იმედს” მისთვის სხვა არაფერი შეუთავაზებია, თუმცა უკვე აქვს სხვა შეთავაზებები.

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე ხომ არ შეუთავაზებია არხის ხელმძღვანელობას გადაცემის ფორმატის ცვლილება რამდენიმე თვით ადრე, რადგან თუ მართლა სურდათ ცვლილება, ახალ სატელევიზო სეზონამდე მოესწროთ და არა 2016 წლისთვის, გრიგოლიამ გვიპასუხა, რომ მსგავსი საუბარი არ ყოფილა. 

 

ამ და სხვა კითხვებს ჯერჯერობით არ პასუხობს ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა. ნეტგაზეთმა ჯერჯერობით მათთან დაკავშირება ვერ მოახერხა. 

 

ტელეკომპანია “იმედი” აცხადებს, რომ  საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე  დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ – შოუებს.

 

“ამის მიზეზია ჩვენი სურვილი, შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი  და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან” – ნათქვამია განცხადებაში.

 

ამავე განცხადებაში “იმედი”  მადლობას უხდის  გადაცემების გუნდის წევრებს, “რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების შექმნაში”.

 

ეს განცხადება “იმედმა”  29 აგვისტოს, 22.15 საათზე გაავრცელა. მანამდე ტელეკომპანიაში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი