სერგო ქავთარაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ქავთარაძის მიმართ ძებნის შეწყვეტის შესახებ ინტერპოლისგან ოფიციალური წერილი 2 დღის წინ მიიღეს.
“4 თვის წინ მივმართეთ ოფიციალური წერილით და მოვითხოვეთ ძებნის შეწყვეტა და წითელი ცირკულარიდან მოხსნა. 2 დღის წინ მივიღეთ წერილი, რომ სერგო ქავთათაძესთან დაკავშირებით ამოღებულია წითელი ცირკულარი, შეწყვეტილია მისი ძებნა და ინფორმაცია საერთოდ არის წაშლილი, ანუ მის მიმართ არანაირი პროცედურები აღარ ხორციელდება,”– განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა “ნეტგაზეთთან” სატელეფონო საუბრისას.
ადვოკატი ამბობს, რომ სერგო ქავთარაძეს ევროკავშირის ერთ–ერთ ქვეყანაში აქვს მიღებული პოლიტიკური თავშესაფარი. მისი თქმით, პრცედურულად არ აქვს უფლება დაასახელოს, თუ რომელმა ქვეყანამ მისცა თავშესაფარი.
გიორგი კონდახაშვილის თქმით, ქავთარაძის ძებნა ინტერპოლმა 2013 წლის დასაწყისში დაიწყო.
გუშინ გახდა ცნობილი ყოფილი ხელისუფლების კიდევ ერთი მაღალჩინოსნის, ზურაბ ადეიშვილის მიმართ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნის შეწყვეტის შესახებ.
სერგო ქავთარაძეს საქართველოს მთავრი პროკურატურა სტრიპტიზკლუბ “დივაში” ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის კუთვნილი ფულადი თანხების გაფლანგვას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, რაც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
