ახალი ამბები

პრემიერი: მასალები არასაკმარისი რომ ყოფილიყო, ინტერპოლი ადეიშვილზე ძებნას არ გამოაცხადებდა

15 აპრილი, 2015 • • 993
პრემიერი: მასალები არასაკმარისი რომ ყოფილიყო, ინტერპოლი ადეიშვილზე ძებნას არ გამოაცხადებდა

“თუ ინტერპოლს აქვს ახალი პოლიტიკა და ეს მათი გადაწყვეტილებაა, ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მეთაურის პოზიცია რა უნდა იყოს? რატომ უნდა იყოს საინტერესო? ჩვენმა ხელისუფლებამ, რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა. ადეიშვილი მივეცით პასუხისგებაში. იყო და არის ძებნაში და რჩება ძებნაში და ყველა ის დამნაშავე, რომელმაც წლების განმავლობაში შექმნა დანაშაულებრივი სისტემა. ეს [ბრალდება] რომ ყოფილიყო არასაკმარისი და არაარგუმენტირებული, ინტერპოლი, რა თქმა უნდა, არ დასვამდა ადეიშვილს წითელ ცირკულარზე. მე ახლა დეტალებში შევდივარ, ალბათ, ჯობია სპეციალისტებმა ისაუბრონ. შეკითხვა – ხომ არ იყო ნაკლებად არგუმენტირებული, რა თქმა უნდა, არა.  იმიტომ, რომ ინტერპოლმა თავის დროზე გაიზიარა ყველა ის მასალა, რომელიც გადაუგზავნა პროკურატურამ და ამის საფუძველზე დასვეს წითელ ცირკულარზე”,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირების რეესტრში აღარ არის. ინტერპოლის ვებგვერდზე ადეიშვილის შესახებ მონაცემები აღარ იძებნება. პროკურატურის ინფორმაციით, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ მისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი მიუთითა

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ზურაბ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თაობაზე შუამდგომლობით  2013 წლის 10 იანვარს მიმართა. ადეიშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა კი 2013 წლის 14 ნოემბერს გამოცხადდა.

 

მაიდნის მოვლენების შემდეგ, როდესაც უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა, ადეიშვილი უკრაინაში გამოჩნდა. უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, გია გეწაძის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე მუშაობს ექსპერტის სტატუსით.

 

ადეიშვილს საქართველოში ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით დაუსწრებლად წაუყენეს. მას ასევე ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოკაციის ორგანიზება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი