ახალი ამბები

ომბუდსმენი jobs.ge–ს მიმართავს, აღმოფხვრას დისკრიმინაციული განცხადებების გამოქვეყნება

15 აპრილი, 2015 • 2342
ომბუდსმენი jobs.ge–ს მიმართავს, აღმოფხვრას დისკრიმინაციული განცხადებების გამოქვეყნება

ომბუდსმენის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა. ამ კვლევის თანახმად, 2010 წლიდან 2014 წლის ოქტომბრამდე საიტზე სულ 71,360 განცხადება დაფიქსირდა. აქედან, მდედრობით სქესზე ორიენტირებული ენის გამოყენება ვაკანსიების 10.01%-ის შემთხვევაში ჩანს, ხოლო მამაკაცებზე ორიენტირებული ენა- 24.02%-ის შემთხვევაში. www.jobs.ge-ს ბაზაზე სიტყვა “მამაკაცის” გამოყენება 1088-ჯერ დაფიქსირდა; ფრაზა “სასიამოვნო გარეგნობა”- 1589 განცხადებაში; სიტყვა “სტაბილურს” 780 განაცხადი შეიცავს; ხოლო სიტყვა “ქალბატონი” 607 შემთხვევაში გამოიყენეს.

 

სახალხო დამცველის განცხადებით,  მსგავსი განცხადებების გავრცელება ხელს უწყობს შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციული პრაქტიკის განვითარებას.

 

“ვებ-გვერდ www.jobs.ge-ზე გამოქვეყნებული იმ განცხადებების უმეტესობა, რომელიც შეიცავს მითითებას კონკრეტულ სქესზე, გარეგნობაზე თუ ოჯახურ მდგომარეობაზე, სამუშაოს მაძიებელ პირებს უზღუდავს შრომის ხელმისაწვდომობისა და შრომის განხორციელების უფლებას, არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს მათ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით,”– ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმის გამო, რომ “jobs.ge” დისკრიმინაციული სიტყვების შემცველ ვაკანსიებს არ ფილტრავს, ერთი მხრივ, ხელს უწყობს დამსაქმებლებს, გაავრცელონ დისკრიმინაციული ვაკანსიები, ხოლო, მეორე მხრივ, ასევე ამ დისკრიმინაციული პრაქტიკის ტირაჟირებას ახორციელებს. ამით კი ხელს უწყობს დამსაქმებლებს, განახორციელონ დისკრიმინაცია და აფერხებს შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის ბრძოლას.

 

სახალხო დამცველმა ორგანიზაციას ზოგადი წინადადებებით მიმართა, შეიმუშავოს ისეთი რეგულაციები, რომლითაც აღმოიფხვრება დისკრიმინაციული ვაკანსიების გამოქვეყნება მის ვებგვერდზე. ამასთან, სახალხო დამცველის ოფისმა გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს „jobs.ge”-ს ადმინისტრაციას სახელმძღვანელოს შემუშავებაში, რომელიც მას გაუადვილებს დისკრიმინაციული ვაკანსიების გამოქვეყნების შეზღუდვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი