ახალი ამბები

საიამ 20 ივნისის საქმეზე 16 პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად სასამართლოს მიმართა

11 ოქტომბერი, 2019 • 1317
საიამ 20 ივნისის საქმეზე 16 პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად სასამართლოს მიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 20-21 ივნისს დაშავებული 16 პირის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და პროკურორის იმ დადგენილების გაუქმება მოითხოვა, რომლის მიხედვითაც ამ პირებს დაზარალებულის სტატუსი არ მიენიჭათ. სასამართლომ საჩივარი 15 დღეში უნდა განიხილოს. 

საიას ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც 20-21 ივნისის აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს ეხება (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). 

საიამ აღნიშნულ საქმეზე 16 პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით გენერალურ პროკურორს პირველად 2019 წლის 19 სექტემებერს მიმართა.  პროკურორმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც საიას იურისტებმა გადაწყვეტილება ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრეს, რომელმაც ასევე არ დააკმაყოფილა და აღნიშნულ პირებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. 

საიას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროკურატურისგან მიიღეს განმარტება, რომ ამ დროისთვის აქციის დროს  16 დაშავებული პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საფუძველი არ არსებობს: 

“ერთი მხრივ, პროკურატურა ადასტურებს, რომ ,,მითითებულმა პირებმა დაზიანება 20-21 ივნისს, საპროტესტო შეკრების შეწყვეტისას მიიღეს და საქმეზე მოპოვებული სამედიცინო დოკუმენტაცია/ინფორმაცია ადასტურებს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს“, თუმცა ამას არ მიიჩნევს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისათვის საკმარის საფუძვლად და ელოდება ექსპერტიზის შედეგებს.” – წერია საიას ვებ-გვერდზე. 

საიას ინფორმაციით, პროკურორის მიერ 16 პირისითვის სტატუსის არმინიჭების მთავარი მიზეზი ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხისა და მექანიზმის, ასევე, აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების კონკრეტული ვითარებისა და საფუძვლების დაუდგენელობაა.

“საია მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ 20-21 ივნისს დაზარალებული პირებისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა არის უკანონო და დაუსაბუთებელი. კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულის მსხვერპლს მთელი რიგი უფლებები, მათ შორის, საქმის მასალების გაცნობის, სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან შეწყვეტის, ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების გასაჩივრების უფლება მხოლოდ მაშინ ეძლევა, თუ  სარგებლობს დაზარალებულის პროცესუალური სტატუსით. შესაბამისად, დაზარალებულის სტატუსის საწყის ეტაპზევე მინიჭებას აქვს არსებითი მნიშვნელობა დაზარალებულის უფლებების დასაცავად”, – წერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 

ამავე თემაზე

20 ივნისს დაშავებულები, რომლებსაც დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ

მასალების გადაბეჭდვის წესი