ახალი ამბები

საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ჩილეს პრეზიდენტი მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს

27 ოქტომბერი, 2019 • 1487
საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ჩილეს პრეზიდენტი მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს

ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინიერამ მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა და მომავალი სოციალური რეფორმების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა.

“ჩვენ მოვუსმინეთ და გავიგეთ ჩილიელების გზავნილი. ვთხოვე ყველა მინისტრს, თანამდებობა დაეტოვებინათ. ვმუშაობთ ახალი გუნდის ფორმირებაზე, რომელიც დაიწყებს მუშაობას ცვლილებებზე“, – დაწერა პინიერამ.

თაბანდებობა სულ 24-მა მინისტრმა უნდა დატოვოს. ახალი გუნდის შემადგენლობა უცნობია, თუმცა სოციალური რეფორმები, რომელიც მან უნდა გაატაროს, ითვალისწინებს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ფასების სტაბილიზაციასა და პენსიების ზრდას. გარდა ამისა, მთავრობამ გააუქმა ქვეყნის უდიდეს ქალაქებში არსებული კომენდანტის საათი.

საპროტესტო გამოსვლები ჩილეში ოქტომბრის დასაწყისიდან დაიწყო. თავდაპირველი მიზეზი იყო მეტროთი მგზავრობის საფასურის გაზრდა, შემდგომ კი მოთხოვნებს დაემატა სხვადასხვა ეკონომიკური საკითხის გაპროტესტება. აქციები არ შეწყდა მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა უარი განაცხადა მეტროთი მგზავრობის საფასურის ზრდაზე.

მოგვიანებით მომიტინგეებმა პრეზიდენტ სებასტიან პინიერას გადადგომაც მოითხოვეს. პინიერამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გაიგო ხალხის ხმა და “ღმერთის დახმარებით დაადგება განვითარების ახალ, უკეთეს გზას“.

როგორც BBC წერს, ჩილე ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ყველაზე მდიდარია, თუმცა ასევე დიდია უთანასწორობა მოსახლეობის სხვადასხვა ფენას შორის. საპროტესტო აქციების შემდეგ ჩილეს პრეზიდენტმა რეფორმების დაწყებაც დააანონსა, რაც გულისხმობს მინიმალური ხელფასისა და ასევე, პენსიის გაზრდასაც. მიუხედავად ამისა, ჩილეში საპროტესტო აქციები არ წყდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი