ახალი ამბები

ჩილეს დედაქალაქში ანტისახელისუფლებო აქციას მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო – BBC

26 ოქტომბერი, 2019 • 1614
ჩილეს დედაქალაქში ანტისახელისუფლებო აქციას მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო – BBC

25 ოქტომბერს ჩილეში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დედაქალაქ სანტიაგოს მერის, კარლა რუბილარის მონაცემებით, მიტინგზე 1.2 მილიონი ადამიანი მივიდა, წერს BBC.

მიუხედავად იმისა, რომ აქცია მშვიდობიანი იყო, გარკვეულმა ჯგუფმა სცადა, მეტროს შესასვლელთან ხანძარი გაეჩინა. სანტიაგოს სხვა ნაწილში პოლიციამ მომიტინგეები წყლის ჭავლით დაშალა. პროტესტების დაწყებიდან დღემდე დააკავეს 7 000 ადამიანი, ასობით მოქალაქე დაშავებულია, ხოლო გარდაიცვალა 16 დემონსტრანტი.

პროტესტები ჩილეში ოქტომბრის დასაწყისიდან დაიწყო. თავდაპირველი მიზეზი იყო მეტროთი მგზავრობის საფასურის გაზრდა, შემდგომ კი მოთხოვნებს დაემატა სხვადასხვა ეკონომიკური საკითხის გაპროტესტება. აქციები არ შეწყდა მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა უარი განაცხადა მეტროთი მგზავრობის საფასურის ზრდაზე.

მოგვიანებით მომიტინგეებმა პრეზიდენტ სებასტიან პინიერას გადადგომაც მოითხოვეს. პინიერამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გაიგო ხალხის ხმა და “ღმერთის დახმარებით დაადგება განვითარების ახალ, უკეთეს გზას“.

როგორც BBC წერს, ჩილე ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ყველაზე მდიდარია, თუმცა ასევე დიდია უთანასწორობა მოსახლეობის სხვადასხვა ფენას შორის. საპროტესტო აქციების შემდეგ ჩილეს პრეზიდენტმა რეფორმების დაწყებაც დააანონსა, რაც გულისხმობს მინიმალური ხელფასისა და ასევე, პენსიის გაზრდასაც. მიუხედავად ამისა, ჩილეში საპროტესტო აქციები არ წყდება.

მასობრივი საპროტესტო აქცია ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში. 25.10. 2019. ფოტო: EPA-EFE/FERNANDO BIZERRA JR

მასობრივი საპროტესტო აქცია ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში. 25.10. 2019. ფოტო: EPA-EFE/Fernando Bizerra Jr

მასობრივი საპროტესტო აქცია ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში. 25.10. 2019. ფოტო: EPA-EFE/FERNANDO BIZERRA JR

მასობრივი საპროტესტო აქცია ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში. 25.10. 2019. ფოტო: EPA-EFE/FERNANDO BIZERRA

მასობრივი საპროტესტო აქცია ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში. 25.10. 2019. ფოტო: EPA-EFE/Alberto Valdes

მასობრივი საპროტესტო აქცია ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში. 25.10. 2019. ფოტო: EPA-EFE/ALBERTO VALDES

მასალების გადაბეჭდვის წესი