ახალი ამბები

შეფასება მივეცით EUMM-ისთვის ხელშეშლას — ქართული მხარე IPRM-ის შეხვედრის შემდეგ

25 ოქტომბერი, 2019 • 1130
შეფასება მივეცით EUMM-ისთვის ხელშეშლას — ქართული მხარე IPRM-ის შეხვედრის შემდეგ

„შეფასება მივეცით გუშინდელ ინციდენტს, როდესაც რეგიონში ერთადერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ხელი შეუშალეს საქმიანობის განხორციელებაში“- განაცხადა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 25 ოქტომბრის ტექნიკური შეხვედრის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ, რომელიც მოლაპარაკებებში ქართულ მხარეს წარმოადგენს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM-ის) ცნობით, 24 ოქტომბერს, ნაშუადღევს, მათი ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომელიც ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებდა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით დააკავეს.

ოსური მხარე ინციდენტს „პროვოკაციად“ აფასებს. ცხინვალის წარმომადგენელი იგორ კოჩიევი აცხადებდა, რომ დამკვირვებელმა „საზღვარი დაარღვია“ და ეს ქმედება „პროვოკაციული“ იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაგეგმილი შეხვედრის წინ.

სადამკვირვებლო მისია კი აცხადებს, რომ ის არეალი, სადაც მათი დამკვირვებელი დააკავეს, თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა. ისინი სწავლობენ ინციდენტის შესახებ დეტალებს.

EUMM წერს, რომ ღრმად შეშფოთებული არიან ისეთი შემთხვევებით, როდესაც შეიარაღებული აქტორები ხელს უშლიან მათ მონიტორებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში.

„უსაფრთხოების კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ EUMM-მა მნიშვნელოვნად გააძლიერა პატრულირება, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე“, — წერს სადამკვირვებლო მისია.

IPRM-ის შეხვედრაზე ისაუბრეს ქართულ მხარეს მოწყობილ საგუშაგოზე. ირაკლი ანთაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „პოზიციები კვლავ რჩება უცვლელი. კვლავ გაჟღერდა მოთხოვნა, რომ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო იქსნას მოხსნილი, რაზედაც კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, რომ საგუშაგო მდებარეობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და საპოლიციო ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადგილზე უსაფრთხოებას, არ შეიძლება, რაიმე საფრთხის შემცველი იყოს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის“.

„რა თქმა უნდა, მკაცრად დადგა საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედებები წაღვლსა და ჩორჩანას მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში“, — განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი