ახალი ამბები

კონტი ჯგუფი პროექტში რჩება – ანაკლიის კონსორციუმი

25 ოქტომბერი, 2019 • 1174
კონტი ჯგუფი პროექტში რჩება – ანაკლიის კონსორციუმი

ანაკლიის კონსორციუმის განცხადებით, კონტი ჯგუფმა პროექტიდან გასვლის გადაწყვეტილება შეცვალა და აქციონერად რჩება.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს დღეს მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და, შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად”, – ნათქვამია ანაკლიის კონსორციუმის განცხადებაში.

“კონტი ჯგუფი”  ქართულ “თიბისი ჯგუფთან ერთად” ერთ-ერთი დამფუძნებელია ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა, რომელიც მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და განვითარებაზეა პასუხისმგებელი.

კონტი ჯგუფის პროექტიდან გასვლის შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა, თუმცა ანაკლია ჰოლდინგის აქციონერად რჩებოდა. მას ამჟამად ეკუთვნის ანაკლია ჰოლდინგის აქციების 42%. კონსორციუმმა პროექტში კონტი ჯგუფის ჩამნაცვლებლად მთავრობას შესთავაზა ჰოლანდიური კომპანია “ვანორდი” და “მერიდიანი”. ამ დროისთვის უცნობია, რა მოცულობის ინვესტიციით დარჩება Conti International პროექტში. ანაკლიის კონსორციუმში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებენ.

ნახეთ ამ თემაზე გუშინ გაკეთებული განცხადება

რუდი ანაკლიაზე: მოხარული ვიქნებით, თუ ეს პროექტი განხორციელდება ამერიკული ინვესტიციით

მასალების გადაბეჭდვის წესი