ახალი ამბები

ირაკლი მენაღარიშვილი: კოფის იდეის განხილვა შესაძლებელია

25 ოქტომბერი, 2019 • 2878
ირაკლი მენაღარიშვილი: კოფის იდეის განხილვა შესაძლებელია

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ “ჰერიტიჯის ფონდის” მკვლევარ ლუკ კოფის იდეის განხილვა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა იდეის, რომელიც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის უფრო გააქტიურებას შეიძლება ემსახურებოდეს, “რა თქმა უნდა, შესაძლებელია”.

“ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იდეა აუცილებლად უნდა იქნას მიღებული. შეფასება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კარგად და ყველა საჭირო მოთამაშის მიერ გაანალიზდება ამ პროექტის ყველა დეტალი. უცხო სამხედრო ძალის განლაგება ქვეყნის ტერიტორიაზე არ არის მარტივი პროცესი, მას უამრავი განზომილება აქვს და ამ ყველაფერს სჭირდება სათანადოდ გააზრება. პროცესი ახლაც შეიძლება დაიწყოს. ამას არ სჭირდება ხმაური –  პირიქით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ყველაზე წარმატებული პროექტები ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო თანამშრომლობის თვალსაზრისით, სხვა პირობებთან ერთად, იმიტომაც იყო წარმატებული, რომ თავის დროზე მათი განხილვის სათანადო პირობები იყო შექმნილი, მათ შორის, კონფიდენციალურობის ჩათვლით”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” მენაღარიშვილმა.

მისი განმარტებით, იდეის ავტორი საუბრობს არა აშშ-ის ბაზის, არამედ გარკვეული კონტინგენტის  საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებაზე.

“ეს კონტინგენტი სპეციალურად მივლენილია ახლო აღმოსავლეთში ანტიტერორისტული ოპერაციის განხორციელებისთვის. საქართველო ანტიტერორისტული კოალიციის წევრია. ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ დიდი ხანია. ასე რომ, ამგვარი ოპერაცია თავისთავად სრულიად ბუნებრივად შეიძლება ჩაითვალოს, თუკი, რა თქმა უნდა, ყველა დანარჩენი ზევით ჩამოთვლილი პირობები დაკმაყოფილებული იქნება”, – დასძინა მენაღარიშვილმა.

მისი თქმით, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ბოლო წინადადებები სწორედ სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების შესახებ არის, მით უმეტეს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტის კვალობაზე.


„ჰერიტიჯის ფონდის“ ანალიტიკოსის ლუკ კოფის შემოთავაზებაა, აშშ-ის ჯარისკაცები, რომლებიც სირიას ტოვებენ, საქართველოში გაიგზავნონ. კოფის აზრით, აშშ-ს შეუძლია, გამოიყენოს ძველი რუსული ბაზა ახალქალაქში, რომელიც მხოლოდ 740 კმ-ით არის დაშორებული რაყას.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ამერიკელი სამხედროების საქართველოში განლაგების საკითხი ორ ქვეყანას შორის ოფიციალურ დონეზე განხილვის საგანი არ ყოფილა და ამერიკელი ექსპერტის მოსაზრებას ექსპერტებმავე უნდა უპასუხონ.

ევროპული საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, თუ აშშ-ს ბაზის განთავსება მოუნდება, დაეთანხმოს

მასალების გადაბეჭდვის წესი