ახალი ამბები

აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა

23 ოქტომბერი, 2019 • 1841
აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ “საქართველოს მხარდამჭერი“ ორპარტიული აქტი ერთსულოვნად დაამტკიცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორპარტიული კანონპროექტი ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერას და  გამოდის ინიციატივით, სანქციები დაწესდეს იმ პირებზე, ვინც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებს დაარღვევს.

“კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად, საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს.

კანონპროექტით კონგრესი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების მიმართულებით“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) 2019 წლის 16 იანვარს წარადგინეს.

კანონპროექტს 31-მდე თანასპონსორი ჰყავდა, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიებიდან. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის ერთსულოვნად დამტკიცებამდე, ისე რთხმად მიიღო კონგრესის რამდენიმე კომიტეტმა, მათ შორის- საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა და შემოსავლების კომიტეტებმა.

“საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას; ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს.

ამ სახით კანონპროექტი ეხმიანება „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის ორპარტიულ რეზოლუციას; კერძოდ, კანონპროექტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალისმიერი გზით ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთი ოსეთი მიმდინარე დაკავების, გატაცებისა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს.

კანონპროექტი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, და მხარს უჭერს საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთი ოსეთი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნასა და საკუთარ სახლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას“, – ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

გარდა ამისა, კონგრესი აშშ-ში შესვლის აკრძალვის, ქვეყნიდან გაძევების, ვიზისა თუ აშშ-ში შესასვლელად საჭირო სხვა შესაბამისი დოკუმენტების არგაცემის/გაუქმების, შესაბამისი ტრანზაქციების დაბლოკვის/აკრძალვის და ფინანასური აქტივების დაყადაღების გზით სანქციების დაწესებას მოითხოვს ყველა იმ პირისადმი, ვინც უშუალო მონაწილეობით ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე.

კონგრესი ავალებს აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-ის ხაზინის მდივანთან კონსულტაციის გზით, კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში და 180-დღიან პერიოდში კონგრესისათვის მინიმუმ ერთხელ ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში გამოვლენილი პირების თაობაზე დეტალური ანგარიშის წარდგენას.

“კანონპროექტით აშშ-ის კონგრესი მხარდაჭერას გამოხატავს და ხაზს უსვამს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული ფასეულობების განვითარებას, მათ შორის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ქვეყანაში მიმდინარე ანტიკორუფციულ ძალისხმევებს.

კონგრესმენები მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით გამოდიან. კანონპროექტი მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, თავისუფლად განსაზღვრონ მომავალი და დამოუკიდებლად აირჩიონ ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, მათ შორის სხვა ქვეყნებთან თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სხვა ქვეყნის მიერ ჩარევის, დაშინებისა, თუ ძალადობის გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი