ახალი ამბები

ლომჯარია: ვიდეომასალა ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს მდგომარეობას 

25 ოქტომბერი, 2019 • 802
ლომჯარია: ვიდეომასალა ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს მდგომარეობას 

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ინტერნეტით გავრცელებული ვიდეომასალა, რომელზეც სავარაუდოდ, ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმართა ცემაა ასახული, კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას.

აღნიშნული ვიდეო 2019 წლის 22 ოქტომბერს ფეისბუკის საშუალებით გავრცელდა.

როგორც ომბუდსმენი აცხადებს, წლების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ  საკითხად რჩება მოქალაქეთა დაკავებები საოკუპაციო ხაზზე, პატიმართა ცემა, არასათანადო მოპყრობა და წამება დროებით იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში.

“სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ სწორედ ცხინვალის იზოლატორში გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი, რაც სავარაუდოდ, მის მიმართ განხორციელებული წამებისა და არასათანადო მოპყრობის შედეგი იყო. ცხინვალის ციხესა თუ იზოლატორში პატიმართა გაუსაძლის მდგომარეობაზე  სახალხო დამცველი წლებია თავის ყოველწლიურ ანგარიშებში საუბრობს. ასევე, შეძლებისდაგვარად, ყველა საერთაშორისო ფორმატს იყენებს, რათა მაქსმალურად მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა  უმძიმესი მდგომარეობის შესახებ.

შექმნილი მძიმე ვითარება და გავრცელებული კადრები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეცეთ საშუალება დააკვირდნენ და შეისწავლონ ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევები კონფლიქტურ რეგიონებში. ამასთან საგულისხმოა, რომ წამების შემთხვევებზე ნებისმიერი სახელმწიფო  უფლებამოსილია გამოიძიოს, ბრალი წაუყენოს, დასაჯოს ან ექსტრადირება განახორციელოს წამებაში ეჭვმიტანილი პირის, თუ ასეთი პირი მისი იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, მიუხედავად იმისა, თუ სად მოხდა დანაშაული, რომელი ქვეყნის მოქალაქეა დამნაშავე ან მსხვერპლი”, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაზე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოზე, რომელიც საერთაშორისო სამართლით ვალდებულია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვა.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას,  ადამიანის უფლებათა დაცვით საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, არ დაიშუროს ძალისხმევა აღნიშნულ ფაქტზე ეფექტური გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის უზრუნველსაყოფად; ასევე, უფრო მეტად გააქტიურდეს მოლაპარაკებები ოკუპირებულ ტეროტორიებზე ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი