ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოსურმა მხარემ ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე დამკვირვებელი დააკავა — EUMM

24 ოქტომბერი, 2019 • 1715
ოსურმა მხარემ ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე დამკვირვებელი დააკავა — EUMM

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM-ის) ცნობით, 24 ოქტომბერს, ნაშუადღევს, მათი ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომელიც ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებდა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით დააკავეს.

ოსური მხარე ინციდენტს „პროვოკაციად“ აფასებს. ცხინვალის წარმომადგენელი იგორ კოჩიევი აცხადებს, რომ დამკვირვებელმა „საზღვარი დაარღვია“ და ეს ქმედება „პროვოკაციულია“ აღნიშნულ ტერიტორიაზე სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაგეგმილი შეხვედრის წინ.

სადამკვირვებლო მისია კი აცხადებს, რომ ის არეალი, სადაც მათი დამკვირვებელი დააკავეს, თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა. ისინი სწავლობენ ინციდენტის შესახებ დეტალებს.

EUMM წერს, რომ ღრმად შეშფოთებული არიან ისეთი შემთხვევებით, როდესაც შეიარაღებული აქტორები ხელს უშლიან მათ მონიტორებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში.

„უსაფრთხოების კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ EUMM-მა მნიშვნელოვნად გააძლიერა პატრულირება, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე“, — წერს სადამკვირვებლო მისია.

EUMM-ის ცნობით, ინციდენტს ხვალ, 25 ოქტომბერს განიხილავენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM-ის) ფარგლებში ჩანიშნულ შეხვედრაზე ერთგნეთში.

მასალების გადაბეჭდვის წესი