ახალი ამბები

ლევან იზორია: შეიარაღებულმა შალვა აბულაძემ გაქცევა სცადა

10 აპრილი, 2015 •
ლევან იზორია: შეიარაღებულმა შალვა აბულაძემ გაქცევა სცადა

ამის შესახებ ლევან იზორიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში  განაცხადა. მისი თქმით, სპეცოპერაციის დროს, რომელიც ძებნილის დასაკავებლად ჩატარდა, სახელმწიფოს ძალისმიერი მეთოდი არ გამოუყენებია:

 

„ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში, მიტოვებული შენობა, რომელსაც ძებნილი შალვა აბულაძე თავს აფარებდა, სამართალდამცველებმა ალყაში მოაქციეს. შეირაღებულმა ძებნილმა გაქცევა სცადა. თუმცა პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გამაფრთხილებელ გასროლას, შესაბამისად, მოხდა მისი აყვანა და დაკავება. ამ სპეცოპერაციის შედეგად საერთოდ ადგილი არ ჰქონია არავითარ დაზიანებას, იმ სხვა სპეცოპერაციებისაგან განსხვავებით, გავიხსენებ ვაზაგაშვილის სპეცოპერაციას, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციას, სადაც სახელმწიფი სხვა ძალისმიერი მეთოდებით მოქმედებდა, ამ შემთხვევაში მაქსიმალურად კანონის სრული დაცვით განხორციელდა ყველაფერი, ძებნილი პირი დაკავებულია“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

 

 შს მინისტრის მოადგილის განმარტებით, რამინ მამედოვისა და შალვა აბულაძის დაკავებებს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს:


„რამინ მამედოვს პოლიციისთვის არავითარი ოპერატიული ინფორმაცია არ მიუწოდებია. აქედან გამომდინარე, ყველა ის ბრალდებები, რაც ახლობლებისგან გაჟღერდა, პარალელს გავავლებ კიდევ, გავრცელდა, თითქოს ძებნილი თავად ჩაბარდა და სატელეფონო ზარი განახორციელაო, ესეც ტყუილია. ყველანაირი მოქმედებები, რაც შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ განახორციელდა, იყო კანონის საფუძველზე. ოპერატიული ინფორმაციის დამუშავება პროცესუალური ნორმების სრული დაცვით ხორციელდებოდა. შესაბამისად, გაჟღერებული ბრალდებები ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული”, – აღნიშნა ლევან იზორიამ.


შალვა აბულაძე სამართალდამცავებმა 2015 წლის 10 აპრილს დააკავეს სპეცოპერაცია ბორჯომში, არდაგნის დასახლებაში ჩატარდა.

 

დაკავებული შალვა აბულაძე იძებნებოდა პოლიციელების – შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი ბერუაშვილის და შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბექა მარგიშვილის მკვლელობის ფაქტზე, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი მახარაშვილის და ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილის დაჭრის ფაქტზე.

 

შალვა აბულაძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ დაიწყო საქართველოს სსკ-ის რამდენიმე მუხლით, რაც პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას, მოსპობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბრალდება 16-20 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თბილისის პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით, 19,353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი