რუსეთმა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი ესპანეთს გადასცა. აღნიშნულ ინფორმაციას Ria.ru ავრცელებს.
ესპანელი სამართალდამცავები ონიანს, რომელსაც “რუსული მაფიის ბოსს” უწოდებენ, ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ და მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
როგორც გამოცემა წერს, ონიანის ექსტრადირებას მისი რუსეთის მოქალაქეობა აფერხებდა, თუმცა გამოძიებამ დაადგინა, რომ მან რუსეთის მოქალაქეობა უკანონო გზით მიიღო.
ონიანი რუსეთში 2009 წელს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ონიანმა თანამზრახველებთან ერთად გაიტაცა ქართული წარმოშობის მეწარმე ჯონი მინაძე, ფიზიკურად გაუსწორდა, მისი ნათესავებისგან კი 500 000 დოლარის გადახდას ითხოვდა. როგორც რუსული მედია წერს, მინაძეს თავისუფლება 3 დღის განმავლობაში ჰქონდა აღკვეთილი და მხოლოდ მას შემდეგ გაუშვეს, რაც გამტაცებლებმა გამოსასყიდის სახით მოთხოვნილი თანხის ნახევარი მიიღეს.
საპატიმრო ტარიელ ონიანმა აპრილში დატოვა, თუმცა ციხის დატოვებიდან მალევე დააკავეს. ონიანის დაკავების მიზეზი ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნა იყო. ესპანურ მხარეს ონიანზე საერთაშორისო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.