ახალი ამბები

„კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი ახლაც ცესკოს ამომრჩეველთა სიაშია

14 აპრილი, 2019 •
„კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი ახლაც ცესკოს ამომრჩეველთა სიაშია

„კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი დღემდე ფიქსირდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამომრჩეველთა სიაში, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მას საქართველოს მოქალაქეობა აღარ ჰქონდა.

ინფორმაცია რუსთავი2-მა გაავრცელა. ნეტგაზეთმა ეს ცნობა ონიანის პირადი ნომრის გამოყენებით გადაამოწმა — ონიანი ნამდვილად ფიქსირდება ამომრჩევლად ქვემო ქართლის ერთ-ერთ სოფელში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ცესკო ვერ გააკეთებს კომენტარს იმაზე, არის თუ არა ონიანი საქართველოს მოქალაქე;

ცესკო ასე განმარტავს ონიანის ამომრჩეველთა სიაში ყოფნას: საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულია ამომრჩეველთა სიის ფორმირების წესი და მათ სხვადასხვა უწყება, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სერვისების განვითარების სააგენტო, აწვდის ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციას, ცესკო კი მიწოდებულ ინფორმაციას ამომრჩეველთა სიაში ასახავს. „რაც გადმოგვეცა, ის აისახა ამომრჩეველთა სიაში“.

ამასთან, ცესკოს თანახმად, ონიანი არა მხოლოდ ახლა, არამედ წინა არჩევნებზეც ფიქსირდებოდა ცესკოში ამომრჩევლად.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურმა ნეტგაზეთი გადაამისამართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. ნეტგაზეთი ცდილობს სააგენტოს პრესსამსახურთან დაკავშირებას. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


„კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი, რომელიც სასჯელს რუსეთში იხდიდა, საპატიმროდან 9 აპრილს გამოვიდა, თუმცა იგი გამოსვლიდან მალევე დააკავეს. რუსთავი2-ის თანახმად, ონიანს რუსეთში, სავარაუდოდ, 40 დღეში გაათავისუფლებენ.

როგორც TV Rain.ru წერს, ონიანის დაკავების მიზეზი ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნა იყო. ესპანურ მხარეს ონიანზე საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული.

ესპანელი სამართალდამცავები ონიანს, რომელსაც “რუსული მაფიის ბოსს” უწოდებენ, ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ და მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ტარიელ ონიანმა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეჟიმის საპატიმრო დღეს დატოვა. დაახლოებით 10-წლიან სასჯელს ონიანი ბიზნესმენის გატაცების ბრალდებით იხდიდა.

გამოძიების ვერსიით, 2009 წელს ონიანმა თანამზრახველებთან ერთად გაიტაცა ქართული წარმოშობის მეწარმე ჯონი მინაძე, ფიზიკურად გაუსწორდა, მისი ნათესავებისგან კი 500 000 დოლარის გადახდას ითხოვდა. როგორც რუსული მედია წერს, მინაძეს თავისუფლება 3 დღის განმავლობაში ჰქონდა აღკვეთილი და მხოლოდ მას შემდეგ გაუშვეს, რაც გამტაცებლებმა გამოსასყიდის სახით მოთხოვნილი თანხის ნახევარი მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი