ახალი ამბები

რა მონაცემებიც გადმოგვცეს, ამომრჩეველთა სიაში ის ავსახეთ — ცესკო ონიანის სიაში ყოფნაზე

14 აპრილი, 2019 • 1076
რა მონაცემებიც გადმოგვცეს, ამომრჩეველთა სიაში ის ავსახეთ — ცესკო ონიანის სიაში ყოფნაზე

როგორ აღმოჩნდა „კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, აღარ იყო საქართველოს მოქალაქე, ამომრჩეველთა სიაში? ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ცესკომ ის ინფორმაცია ასახა სიაში, რაც მათ გადასცეს.

ცესკო ასე განმარტავს ონიანის ამომრჩეველთა სიაში ყოფნას: საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულია ამომრჩეველთა სიის ფორმირების წესი და მათ სხვადასხვა უწყება, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სერვისების განვითარების სააგენტო, აწვდის ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციას, ცესკო კი მიწოდებულ ინფორმაციას ამომრჩეველთა სიაში ასახავს. „რაც გადმოგვეცა, ის აისახა ამომრჩეველთა სიაში“.

ამასთან, მიქელაძის თანახმად, „კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი არა მხოლოდ ახლანდელ, არამედ წინა არჩევნებზეც ფიქსირდებოდა ამომრჩეველთა სიაში.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურმა ნეტგაზეთი გადაამისამართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. ნეტგაზეთი ცდილობს სააგენტოს პრესსამსახურთან დაკავშირებას. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

„კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი დღემდე ფიქსირდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამომრჩეველთა სიაში, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მას საქართველოს მოქალაქეობა არ უნდა ჰქონდეს.

ინფორმაცია რუსთავი2-მა გაავრცელა. ნეტგაზეთმა ეს ცნობა ონიანის პირადი ნომრის გამოყენებით გადაამოწმა — ონიანი ნამდვილად ფიქსირდება ამომრჩევლად ქვემო ქართლის ერთ-ერთ სოფელში.


„კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი, რომელიც სასჯელს რუსეთში იხდიდა, საპატიმროდან 9 აპრილს გამოვიდა, თუმცა იგი გამოსვლიდან მალევე დააკავეს.

როგორც TV Rain.ru წერს, ონიანის დაკავების მიზეზი ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნა იყო. ესპანურ მხარეს ონიანზე საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული.

ესპანელი სამართალდამცავები ონიანს, რომელსაც “რუსული მაფიის ბოსს” უწოდებენ, ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ და მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ტარიელ ონიანმა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეჟიმის საპატიმრო დღეს დატოვა. დაახლოებით 10-წლიან სასჯელს ონიანი ბიზნესმენის გატაცების ბრალდებით იხდიდა.

გამოძიების ვერსიით, 2009 წელს ონიანმა თანამზრახველებთან ერთად გაიტაცა ქართული წარმოშობის მეწარმე ჯონი მინაძე, ფიზიკურად გაუსწორდა, მისი ნათესავებისგან კი 500 000 დოლარის გადახდას ითხოვდა. როგორც რუსული მედია წერს, მინაძეს თავისუფლება 3 დღის განმავლობაში ჰქონდა აღკვეთილი და მხოლოდ მას შემდეგ გაუშვეს, რაც გამტაცებლებმა გამოსასყიდის სახით მოთხოვნილი თანხის ნახევარი მიიღეს.

ტარიელ ონიანს 10 წლით პატიმრობა 2010 წელს მიუსაჯეს, მოგვიანებით მსჯავრდებულს სასჯელი ორი თვით შეუმცირდა. ის სასჯელს ერთ-ერთ ყველაზე მკაცრი რეჟიმის საპატიმროში იხდის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი