ახალი ამბები

პირადი მონაცემია, ვერ გავცემთ — სერვისების სააგენტო ტარიელ ონიანის მოქალაქეობაზე

15 აპრილი, 2019 • 1298
პირადი მონაცემია, ვერ გავცემთ — სერვისების სააგენტო ტარიელ ონიანის მოქალაქეობაზე

„კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, აღარ იყო საქართველოს მოქალაქე, როგორ აღმოჩნდა დარეგისტრირებული საქართველოს ამომრჩეველთა სიაში?

ცესკო აცხადებს, რომ ის ინფორმაცია ასახეს სიაში, რაც გადაეცათ; იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც სიის ფორმირებაში მონაწილეობს, აცხადებს, რომ ინფორმაცია მოქალაქეობრივი სტატუსის შესახებ პერსონალური ინფორმაციაა, რასაც მესამე პირზე ვერ გასცემენ.

ინფორმაცია ონიანის სიაში ყოფნის შესახებ რუსთავი 2-მა გაავრცელა. ნეტგაზეთმა ეს ცნობა ონიანის პირადი ნომრის გამოყენებით გადაამოწმა — ის ნამდვილად ფიქსირდება ამომრჩევლად ქვემო ქართლის ერთ-ერთ სოფელში.

[yellow_box]ცესკოს განმარტება[/yellow_box]

ცესკო ასე განმარტავს ონიანის ამომრჩეველთა სიაში ყოფნას: საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულია ამომრჩეველთა სიის ფორმირების წესი და მათ სხვადასხვა უწყება, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სერვისების განვითარების სააგენტო, აწვდის ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციას, ცესკო კი მიწოდებულ ინფორმაციას ამომრჩეველთა სიაში ასახავს: „რაც გადმოგვეცა, ის აისახა ამომრჩეველთა სიაში“.

ამასთან, მიქელაძის თანახმად, „კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი არა მხოლოდ ახლანდელ, არამედ წინა არჩევნებზეც ფიქსირდებოდა ამომრჩეველთა სიაში.

[red_box]სერვისების სააგენტოს პასუხი[/red_box]

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურმა ნეტგაზეთი გადაამისამართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. საანგეტოში გვითხრეს, რომ ინფორმაცია მოქალაქეობრივი სტატუსის შესახებ პირად ინფორმაციას განეკუთვნება, რაც კანონმდებლობითაა დაცული და ამ ინფორმაციას თავად ამ ადამიანის თანხმობის გარეშე მესამე პირზე ვერ გასცემენ.

არის თუ არა ონიანი საქართველოს მოქალაქე?

„კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი დღემდე ფიქსირდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამომრჩეველთა სიაში მიუხედავად იმისა, ცნობილი იყო, რომ მან წლების წინ დათმო საქართველოს მოქალაქეობა.

მოქალაქეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით. ნატურალიზაცია პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობის მინიჭებით ხდება და მისი ოთხი სახე არსებობს:

  •  საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება;
  •  საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება;
  •  საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება;
  •  საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება;

კანონის თანახმად, მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა:

  • არამართლზომიერად;
  • საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით;
  • მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად;

მასალების გადაბეჭდვის წესი