ახალი ამბები

ბერა ეკოლოგიური კამპანიის, „ტყის ხალხის“ ელჩი გახდა — გარემოსდამცველი ორგანიზაცია ISA

23 ოქტომბერი, 2019 • 1724
ბერა ეკოლოგიური კამპანიის, „ტყის ხალხის“ ელჩი გახდა — გარემოსდამცველი ორგანიზაცია ISA

ბრაზილიური გარემოსდამცველი ორგანიზაცია „სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტი“ (ISA-ს), რომელსაც ბერა ივანიშვილი 1.1 მილიონს ურიცხავს, იუწყება, რომ ბერა მათი წამოწყებული ეკოლოგიური კამპანიის, „ტყის ხალხის“ (#PovosDaFloresta) ელჩი გახდა.

ორგანიზაციის თანახმად, ბერას შემოწირულობა „ამაზონის ტყისა და იქ მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობის გადასარჩენად ორგანიზაციის საქმიანობას გააძლიერებს“.

გუშინ ბერამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ 1.1 მილიონ აშშ დოლარს ურიცხავს ISA-ს. „მე გადავწყვიტე, 1.1 მილიონი დოლარი ვაჩუქო ამ ორგანიზაციას, რაც მოიცავს როგორც ჩემს დანაზოგს, ისე ჩემი ოჯახის კონტრიბუციას. ნებისმიერი კონტრიბუცია მნიშვნელოვანია. ერთად ჩვენ შევცვლით“, – ამბობს ბერა ვიდეომიმართვაში.

ISA-ს თანახმად, ბერა „ევროპულ პუბლიკამდე მიიტანს ამაზონის მკვიდრი მოსახლეობის — კილომბოლასა და რიბეირინოს ხალხების — ხმას“.

ორგანიზაცია ISA 1994 წელს შეიქმნა, ხოლო კამპანია „ტყის ხალხი“ 2019 წლის აპრილში დაიწყო ამაზონის ხანძრებით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად.

ბრაზილიაში, ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრების ინტენსივობამ რეკორდულ მაჩვენებელს გასულ ზაფხულს მიაღწია.

ბრაზილია ამაზონის ხანძრის ჩასაქრობად G7-ის მიერ გამოყოფილ დახმარებაზე უარს ამბობს

მასალების გადაბეჭდვის წესი