ახალი ამბები

ბრაზილია ამაზონის ხანძრის ჩასაქრობად G7-ის მიერ გამოყოფილ დახმარებაზე უარს ამბობს

27 აგვისტო, 2019 • 2154
ბრაზილია ამაზონის ხანძრის ჩასაქრობად G7-ის მიერ გამოყოფილ დახმარებაზე უარს ამბობს

ბრაზილია უარს ამბობს $22 მილიონზე, რომლის გამოყოფასაც “დიდი შვიდეულის” ქვეყნები ამაზონის ტყეებში გაჩენილ ხანძართან საბრძოლველად აპირებდნენ. ამის შესახებ თქვეს როგორც პრეზიდენტის აპარატმა, ისე მთავრობის წევრებმა.

BBC-ის ცნობით, ოფიციალურ პირებს არ დაუსახელებიათ კონკრეტული მიზეზი, რატომ ამბობენ უარს დახმარებაზე. თუმცა, მანამდე ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც “დიდი შვიდეულის” სამიტზე ამაზონის საკითხის განხილვის ინიციატორი იყო. ის ამბობდა, რომ პარიზი ბრაზილიას ისე ექცევა, როგორც კოლონიას, მაკრონს კი ხანძრის საკითხის წამოწევა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება.

შეთავაზებაზე საუბრისას ბოლსონაროს ადმინისტრაციის უფროსმა თქვა:

“გმადლობთ, მაგრამ ალბათ აღნიშნული რესურსების გამოყენება ევროპაში ტყის გაშენებისთვის უფრო რელევანტურია”.

მანვე მინიშნება გააკეთა აპრილში პარიზის ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარ ხანძარზე და განაცხადა, რომ მაკრონს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე “პროგნოზირებადი ხანძრის” აცილებაც კი არ შეუძლია.

“დიდი შვიდეულის” წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ბრაზილიის თავდაცვის მინისტრიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძარი უკონტროლო არ არის.

გუშინ, 26 აგვისტოს, “დიდი შვიდეულის” ლიდერებმა სამიტზე გადაწყვიტეს, ამაზონის ტყის ხანძრების შესაჩერებლად მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური რესურსი გამოეყოთ $22 მილიონის ოდენობით. ინიციატივა ემანუელ მაკრონმა გაახმიანა. მისივე თქმით, პირველ რიგში, სასწრაფოდ შეიძენენ ამ მასშტაბის ხანძრის ჩასაქრობად საკმარის სახანძრო ვერტმფრენებს.

“დიდ შვიდეულში” შედიან კანადა, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ. ქვეყნების ლიდერებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში.


ბრაზილიაში, ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრების ინტენსივობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. ქვეყნის კოსმოსური კვლევის ცენტრის თანახმად, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ჯუნგლებში, რომელიც მილიონამდე ადგილობრივი მკვიდრის საცხოვრებელიცაა, ხანძართა რიცხვი, გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით, 80%-ით არის გაზრდილი.

თავდაპირველად, ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ბრაზილიას არ ჰქონდა ხანძართან ბრძოლის რესურსები. თუმცა საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ ბოლსონარომ ტყეებში არმია გაგზავნა.

გარემოსდამცველი ორგანიზაციები, რომლებიც ამაზონის ტყის გადასარჩენად მუშაობენ, ვითარების გაუარესებაში ბრაზილიის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს და მთავრობას ადანაშაულებენ. მათი თქმით, პრეზიდენტმა, რომელმაც პოსტი მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა, გარემოს დაცვის კონტროლი შეამსუბუქა, ტყის გადარჩენის ნაცვლად კი ბიზნესის ინტერესების სამსახურში ჩადგა. ორგანიზაციები ასევე აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტი პირდაპირ უწყობს ხელს ფერმერებსა და სხვებს, საკუთარი საქმიანობისათვის ამაზონის ტერიტორიები „გაასუფთაონ“.

ბოლსონაროს ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება იყო სწორედ ამაზონის პოტენციალის ათვისების ხარჯზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი