ახალი ამბები

პროკურატურა ირწმუნება, რომ ბერა-ღარიბაშვილის ჩანაწერში “მილისტებს” ახსენებენ და არა — “მინისტრებს”

18 ივნისი, 2021 • 1965
პროკურატურა ირწმუნება, რომ ბერა-ღარიბაშვილის ჩანაწერში “მილისტებს” ახსენებენ და არა — “მინისტრებს”

საქართველოს მთავარი პროკურატურა ირწმუნება, რომ ტვ “პირველის” მიერ 2021 წლის მარტში გავრცელებული ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის აუდიოჩანაწერები ფალსიფიცირებულია და შეცვლილია შინაარსი. ამის დასტურად კი უწყება ასახელებს საუბრის ერთ ეპიზოდს, სადაც სიტყვა მინისტრები ისმის.

“ერთ-ერთ ასეთ ფაქტს წარმოადგენს მოდელირების კონკრეტული მაგალითი, სადაც აუდიოჩანაწერების საჯაროდ გავრცელების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის საუბარში ნახსენებ სიტყვებზე დაყრდნობით – ,,დაგირეკავენ მინისტრები“, ვითარდებოდა მოსაზრება, რომ ჩანაწერები დამზადებული იყო 2012 წლის შემდგომ, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში, რადგან გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, თითქოსდა დიალოგისას ნახსენები იყო სიტყვა -მინისტრები.

ექსპერტიზის დასკვნით კი დგინდება, რომ აუდიოჩანაწერებში სიტყვა ,,მინისტრები“ საერთოდ ნახსენები არ არის, არამედ მონტაჟის ფონზე, ორი სიტყვის რედაქტირების შედეგად მიღებულია სიტყვები ,,მილი“ და ,,სტები“, ხოლო მათი შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია მიმსგავსებული სიტყვა მილი-სტები”, — აცხადებს პროკურატურა.

თუმცა თავად ირაკლი ღარიბაშვილმა ჩანაწერების გავრცელების შემდეგ თქვა, რომ ჩანაწერები ფალსიფიცირებულია, მაგრამ მას 2012 წლამდე კავშირი ჰქონდა მინისტრებთან:

“ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრებისგან. ეს არის ჩვეულებრივი ფაბრიკაცია. საუბარი იყო, თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავდნენ. მე მინდა განმარტება გავაკეთო მოსახლეობისათვის. მოგეხსენებათ, მე 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბატონი ბიძინა ივანიშვილის “ფონდ ქართუს”. ჩვენ 200-300 მილიონის პროექტები გვქონდა წელიწადში. მოგეხსენებათ, 3 მილიარდი დოლარი აქვს ბატონ ბიძინას დახარჯული ამ ფონდის მეშვეობით ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინ მე მიწევდა პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან.

მე მქონდა არაერთი შეხვედრა ბატონ რურუასთან ,რომელიც კულტურის მინისტრი იყო, ჯანდაცვის მინისტრ კვიტაშვილთან, განათლების მინისტრთან, თბილისის მერთან, ეკონომიკის მინისტრთან, პრეზიდენტის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან გვქონდა არაერთი მოლაპარაკება, პრეზიდენტის დედა, ქალბატონი გიული ალასანია ხშირი სტუმარი იყო ჩემი, როდესაც მე ვიყავი ფონდის პრეზიდენტი” ,— აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

საგამოძიებო ორგანო ასკვნის, რომ აუდიოჩანაწერებისთვის მეტი სიმძაფრის შესაძენად და საუბრებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების ხელოვნურად შესაქმნელად, 21 ადგილას გამოყენებულია სხვა, უცნობ პირთა ხმები, რომლებიც არ ეკუთვნით ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილს ან ანზორ ჩუბინიძეს.

მას შემდეგ, რაც აღნიშნული ჩანაწერები ტვ “პირველმა” გაავრცელა, თავად ბერა ივანიშვილმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ მისი დაცვის თანამშრომლები სახლებში მიდიოდნენ იმ ადამიანებთან, რომლებიც მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში უარყოფითი შინაარსის კომენტარებს წერდნენ.

“მე არც დავიწყებ ამაზე კამათს, იყო თუ არა ავთენტური, დაამონტაჟეს თუ არა, რადგან მე დღესაც აბსოლუტურად იმავე პოზიციაზე ვდგავარ. მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, მე ასეთ ადამიანს დღესაც პასუხს მოვთხოვ. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს”, – თქვა ბერა ივანიშვილმა.

ბერა: დღესაც იმავე პოზიციაზე ვარ, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს მოვთხოვ

მასალების გადაბეჭდვის წესი