ახალი ამბებისაზოგადოება

მკურნალობა VS დასჯა – რატომ აკრიტიკებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში ცვლილებებს

31 მარტი, 2017 • 5647
მკურნალობა VS დასჯა – რატომ აკრიტიკებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში ცვლილებებს

ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებებმა სპეციალისტებში გააჩინა ეჭვები, რომ ქვეყანა წარსულს უბრუნდება – დიდ, ჩაკეტილ, მონოპროფილურ დაწესებულებებს, სადაც, პაციენტს ღირსებისშემლახავ პირობებში ამყოფებდნენ.

ეს მონოპროფილური ინსტიტუციები საქართველოში დღემდე არსებობს. 2011 წლიდან შერეული პროფილის სამ საავადმყოფოში – ღუდუშაურში, მეხუთე კლინიკასა და რეფერალურ ჰოსპოტალში გაიხსნა ფსიქიატრიული განყოფილებები, სადაც, მწვავე შემთხვევებისას პაციენტებს შეეძლოთ მომსახურება სხვა პაციენტების გვერდით მიეღოთ.

სამინისტროს მიერ 2017 წლიდან დაფინანსების წესის შეცვლას, რაც ამ კუთხით მომუშავე აქტივისტებს განსაკუთრებით აშფოთებთ, საერთო პროფილის ორ საავადმყოფოში – ღუდუშაურსა და მეხუთე კლინიკაში მოზრდილთა განყოფილებების დახურვა მოჰყვა.

საქმე ეხება ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას დაფინანსების წესის შეცვლის შესახებ. კერძოდ, მწვავე შემთხვევების დაფინანსება თვიური 840 ლარიდან შემცირდა 690 ლარამდე, ხოლო ქრონიკული შემთხვევების დაფინანსება გაიზარდა დღიური 15 ლარიდან 19 ლარამდე.

“ნეტგაზეთი” რამდენიმე პაციენტს, სხვადასხვა ინსტიტუციებში მათი გამოცდილების შესახებ ესაუბრა. ორმა მათგანმა საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა. ისინი როგორც ფსიქიატრიულ კლინიკებში, ასევე საზოგადოებაში არსებულ სტიგმაზეც საუბრობენ. თითოეული ისტორიის სანახავად დააკლიკეთ ქვემოთ:

ორჯერ ნაცემი ვარ - ერთი გლდანში იყო, მეორე - ასათიანზე

მარიამ გესლაიძე ფსიქიატრიულ კლინიკაში 18 წელია, არ მოხვედრილა. ამჟამად, ის ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციასთან არსებული ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ბენეფიციარია. 

“საკონცენტრაციო ბანაკის ტოლფასი იყო იქ გადარჩენა, თუ უფლის წყალობა არ იყო და თუ ჭკუა არ გიჭრიდა, ვერ გადარჩებოდი, ძალიან ცუდი პირობები იყო. 10 წელი ძალიან რთული პერიოდი მქონდა, ყოველ 3-4 წელიწადში ვმწვავდებოდი. რეალურ საფუძველზე ისეთი კონფლიქტები მქონდა, რომ ვერ ვაგვარებდი. გლდანში იყო გაუსაძლისი პირობები. მერე ოდნავ გაუმჯობესდა…

მარიამ გესლაიძე

მარიამ გესლაიძე

ქავთარაძეზე დავდივარ თვეში ერთხელ, ვიღებ წამალს და ამ დროს, ჩემს ახლობელსაც, რომელიც იქ წევს, ვნახულობ. არაფერი შეცვლილა პაციენტთან დამოკიდებულებაში, ერთადერთი, ვიდეოკამერებია და პაციენტს ვერაფერს დააბრალებ ისეთს, რაც არ გაუკეთებია. დამოკიდებლება –  ეს სტიგმის დაძლევაა. რახან ავად ხარ, ესეიგი ვერ ხარ. სწორად ვერ აფასებენ პაციენტის შესაძლებლობებს და უნარებს. იმ მომენტში, მწვავე მდგომარეობაში, შეიძლება პაციენტი შეურაცხადი იყოს, მაგრამ, მერე შეიძლება არ ჰქონდეს დაკარგული უნარ-ჩვევები, ბლოკავენ ამ ყველაფერს, მის კარგ თვისებებს – თავიანთი დამოკიდებილებით.

ასათიანზე ვიწექი 18 წლის წინ, ვიჩხუბეთ, ხელი შევახე დეიდაჩემს. აფექტურ მდგომარეობამდე მიმიყვანა. მე იურიდიული უფლება არ მქონდა, დამეცვა თავი, თანხა მომეთხოვა, ჩემი წილი ქონება და გამოვყოფოდი ოჯახს. მე არანაირი უფლება არ მქონდა, ჩემი პრეტენზიები გამომეთქვა ოჯახში. მარტო პრეტენზიები კი არა, სურვილებიც. ერთხელ ვთქვი – მაწონი მინდა – “ჰა-ჰა-ჰაა, შენ მაწონი გინდა?” რაღაც საშინელი ურთიერთობა იყო და ამიტომ, მოვითხოვე ჩემი წილი, გამოვეყავი და იმის შემდეგ პრობლემაც აღარ მქონია.

იგნორირება იყო: “ამას ხმები აქვს, შეეშვი”. არადა, ხმები არ მქონია. ორჯერ ნაცემი ვარ. ერთი გლდანში იყო და მეორე ასათიანზე…. ეგ ვერ ვაპატიე ჩემებს, რომ მიმეტებდნენ ამისთვის. მე რომ მოვდიოდი, ხომ ვყვებოდი, რა ხდებოდა. კიდევ რომ მეორდებოდა, ე.ი. მიმეტებდნენ, მაქსიმალურად მიმეტებდნენ. ამიტომ, სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს. მოვინდომე ასე და გავაკეთე კიდეც.

აქ ვსწავლობთ მედიკამენტების მართვას, სიმპტომების მართვას, კოგნიტურ ტრენინგს… ტრენინგებს გავდივართ და ვსწავლობთ როგორ და რა ჯობია. ხელახლა ვიღებთ უნარ-ჩვევებს იმისა, რომ დავიცვათ თავი კონფლიქტების გარეშე. ვისწავლოთ უარის თქმა რაღაცაზე, დაავადებასთან ერთად ცხოვრებას გვასწავლიან. შეიძლება არ იცოდე, მე რა პრობლემა მაქვს, მაგრამ მე ვსწალობ, ამ დროს როგორ მივხედო თავს. როგორც დიაბეტის, გულის მანკის, ან ჩიყვის მქონე ადამიანებს გარკეული რეჟიმები აქვთ, ასევე, ჩვენ გვაქვს რეჟიმი.

მოვიდნენ და ძალიან გამიკეთეს ნემსი, ეს იყო დასჯა

ერთ-ერთმა ყოფილმა პაციენტმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, ორ სხვადახვა კლინიკაში საკუთარ განსხვავებულ გამოცდილებაზე ისაუბრა. იგი 2015 წელს ნამყოფია როგორც ღუდუშაურის მწვავე განყოფილებაში (რომელიც ამჟამად დახურულია) ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ქავთარაძეზე (რომელიც კვლავ ფუნქციონირებს).

“პირველად მოვხვდი ღუდუშაურში, სადაც მართლა კარგი პირობებია. კვებაც განსხვავებულია ქავთარაძესთან შედარებით. მერე, ხშირი კონტაქტი გაქვს ექიმებთან, რაც აუცლებელიცაა და ეს არ არის ქავთარაძეზე. იქ უფრო შეზღუდულია, უფრო ჩაკეტილია, ცალკე არიან პაციენტები მოთავსებული ჩაკეტილ სივრცეში, იქ ტუალეტები არ იკეტება, დაბანა თუ გინდა უნდა ეხვეწო და მერე, როცა მოისურვებენ, მაშინ შეგიშვებენ. იქ ასეთი პირობები არ არის, იქ როცა გინდა მაშინ მოიწესრიგებ თავს, მოკლედ, კარგი პირობებია, შედარება არ არის.

სანიტარულ პირობებს არაუშავდა, მაგრამ თვითონ პირობები, რომ იქ ტუალეტები არ იკეტებოდა, ეს ცუდი ფაქტია და არ არის არც ჰიგიენური. ვიღაც უნდა დააყენო, რომ შიგნით არავინ შემოგივარდეს ეს არის ძალიან ცუდი. კვებას რაც შეეხება, საშინელი კვებაა, ანუ, არ არის საკვები, რაც უნდა იყოს. ექიმები ცალკე არიან, ჩაკეტილ მდგომარეობაში არიან პაციენტები, რომელებსაც ხშირად ვერ უწევთ ექიმებთან შეხვედრა, ანუ, თვითონ ექიმი როცა მოისურვებს, მაშინ უნდა შეხვდეს პაციენტს და ეს პირობა პაციენტისთვის ძალიან საზიანოა. რაც შეეხება სანიტრებს, არიან კარგი სანიტრებიც და ცუდი სანიტრებც.

ღუდუშაურში ხშირი კონტაქტი გაქვს ექიმებთან, თითქმის ყოველდღე გნახულობენ. იქ მგონი 2 კვირის მერე შევხვდი ექიმს.

ერთი ის არის, რომ არ გვეუბნებიან, რას გვასმევენ. ეს არის უკვე პაციენტის უფლებების დარღვევა. თავიდან არ ვიცოდი, როგორც იქნა, მერე გავარკვიე. ღუდუშაურში ასე არ არის. ღუდუშაურში რაც გაინტერესებს, იგებ ყველაფერს ექიმიდან.

ქავთარაძეზე თუ რამე მოხდებოდა პაციენტებს შორის – ან დავა, ან რაღაც, ამ შემთხვევაში, უკვე ძალით უკეთებდნ ნემსებს. ეს დასჯა იყო.

მეც მქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც, პირველად მიმიყვანეს საავადმყოფოში, რაღაც თეთრეულში ჩავწექი, რომელმაც, არ ვიცი, ან წამალმა მომცა ალერგია და ეს გავაპროტესტე. შემოვიდნენ და ძალით გამიკეთეს ნემსი. მაგათთვის ზედმეტია, შენს მდგომარეობას არ აქცევენ ყურადღებას. ნემსი გამიკეთეს დამაძინეს. ვუთხარი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა.”

ომბუდსმენის ანგარიშებში მკაცრად არის გაკრიტიკებული ვითარება საქართველოს ფსიქიატრიული დაწესებულებების უმეტესობაში. ამ დაწესებულბებიდან დახურულია ღუდუშაურისა და მეხუთე საავადმყოფოს მოზრდილთა განყოფილება, ყველა სხვა დაწესებულება ფუნქციონირებს. გთავაზობთ რუკას, სადაც ნახავთ, თუ რომელ დაწესებულებაში რა დარღვევა აღმოაჩინა ომბუდსმენის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა. რუკა მომზადებულია ომბუდსმენის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით.

ცვლილებებს საშიშად აფასებენ ის ფსიქიატრები, რომელთაც ნეტგაზეთი ესაუბრა.

[tabs tab1=”რას ფიქრობენ ფსიქიატრები:” tab2=”არჩილ ბეგიაშვილი” tab3=”მანანა შარაშიძე” tab4=”ნანა ზავრადაშვილი”]

[tab id=1]ფსიქიატრები, რომელთაც ნეტგაზეთი ესაუბრა, შიშობენ, რომ უკანასკნელი ცვლილებებით სახელმწიფომ შესაძლოა დეინსტიტუციონალიზაციის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგა და დაუბრუნდეს იმ რეალობას, რომელიც ევროპაში ათეულობით წლების წინ მოიტოვეს უკან.

გიორგი გაგოშიძის ნახატი ფსიქიკური ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით, ასათიანის ქუჩა. 10.10.15

[/tab]
[tab id=2]

ფსიქიატრი არჩილ ბეგიაშვილი, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციასთან არსებული ფსიქო-სოციალური რებილიტაციის ცენტრის დირექტორი:

“1960-იანი წლებიდან ევროპაში კრიზისში შევიდა სისტემის ჰოსპიტალური სექტორი, იმიტომ, რომ იყო ძალიან დიდი საავადმყოფოები, 2000-3000 საწოლიანი მონოპროფილური საავადმყოფოები იყო ჩეულებრივი რამ 1950-იან წლებამდე დასავლეთში. მერე როდესაც ფსიქოფარმაკოლოგია განვითარდა, აღმოჩნდა, რომ დიდხანს არ არის პაციენტის გაჩერება საჭირო დაწსებულებაში… მიჯაჭვული ხდება ინსტიტუციაზე ადამიანი, თუ დიდხანს გამოკეტავ, ის უკვე კარგავს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარებს. ჩაკეტილ ინსტიტუციაში გინდა ციხე იყოს, გინდა ფსიქიატრიული ჰოსპიტალი, ჩვენ დიდხანს თუ ვაჩერებთ პაციენტს, ვაკარგვინებთ დაოუკიდებლად ცხოვრების უნარს.

ეს ნეგატიურ ეფექტად შეფასდა და დაიწყო დეინსტიტუციონალიზაცია. რაც გულისხმობდა იმას, რომ დიდი საავადმყოფოები დაიხურა, პატარები დარჩა. ჰოსპიტალურ სერვისში რეფორმა გულისხმობდა იმას, რომ ძირითადად, გაჩნდა განყოფილებები მრავალპროფილურ კლინიკებში, როგორც ჩვენთან, მაგალითად, თემქაზე, ღუდუშაურში. ეს იყო ჰოსპიტალური რეფორმა. როდესაც წამოვიდა ის ხალხი ჰოსპიტლებიდან, საზოგადოებაც არ იყო მზად იმათ მისაღებად და არც – დამოუკიდებლად საცხოვრებლად.

დაიწყეს ისეთი სერვისების შექმნა, რომელიც მორგებული იყო მათ საჭიროებებზე: დღის ცენტრები, ოჯახური გარემო, სადაც არის, სადაც პაციენტი ეჩვევა დამოუკიდებელ ცხოვრებას, სადაც ასწავლიან, როგორ აღიდგინოს ბაზისური უნარ-ჩვევები ფულის ხარჯვის, სწორი ურთიერთობების, ჰიგიენის დაცვის და ასე შემდეგ, რომ ნაკლებად სტრესული იყოს მათი ყოფნა საზოგადოებაში და საზოგადოებამ ისინი არ გარიყოს – ამას ვასწავლით… ვასწავლით გამწვავების სიმპტომების გამოცნობას, კომუნიკაციების უნარ-ჩვევების ტრენინგებს ვუტარებთ.

ცალსახად, ევროპაში განვითარების ეს გზა არის არჩეული. შეიძლება ეს იაფი არ არის, მაგრამ, ჰოსპიტალი მაინც ყველაზე ძვირია.” [/tab]
[tab id=3]

მანანა შარაშიძე ხელმძღვანელობს საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციას, რომელთან არსებულ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრს სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა, შარაშიძის თქმით, ამ სერვისის მისაწოდებლად ეს თანხა არ ჰყოფნით და დონორი ორგანიზაცია “საქართველოს არბაითერ სამარიტერ ბუნდი” უფინანსებთ ერთწლიან პროექტს “ფსიქიატრიული რეაბილიტაციის ცენტრი”. ასეთი ცენტრი თბილისში მხოლოდ ერთია.

“იმ განყოფილებებში, რომლებიც იყო ინტეგრირებული საერთო პროფილის საავადმყოფოებში, უფრო კარგი პირობები იყო. პაციენტები ყვებიან და ჩემი თვალითაც მაქვს ნანახი, რომ იქ სივრცე იყო გარემონტებული და იქ ყოფნა შედარებით უფრო მოსწონდათ, ვიდრე სხვა დიდ ინსტიტუციებში.

საერთო პროფილის საავადმყოფოში ფსიქიატრიული განყოფილების ყოფნა – ეს არის რეფორმის ნაწილი იმიტომ, ფსიქიატრია ცალკე არ უნდა იყოს, უნდა იყის ინტგრირებული საერთო ჯანდაცვის სისტემაში.

საავადმყოფო უნდა იყოს ხელმისაწვდომი, სადაც წვება ადამიანი და სადაც მკურნალობს, მისი საცხოვრებელი ადგილიდან ძალიან მოშორებული არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ოჯახის წევრებს უნდა ჰქონდეთ ნახვის საშუალება და ადამიანს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ სადღაც არის მოშორებული, გამოკეტილი. [დღეს] გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ასევე დარღვეულია.

პირველადი ჯანდაცვის ცენტრში უნდა იყოს ინტეგრირებული ფსიქიატრიული კაბინეტი. ადამიანს, იმიტომ, რომ წამალი მიიღოს და ფსიქიატრის კონსულტაცია, არ უნდა უხდებოდეს ფსიქიატრიულის ტეროტორიაზე მისვლა. ეს არის სტიგმატიზიებული. მაგალითად, ნევროზული რეგისტრის პაციენტებს არ უნდათ ფსიქიატრიულის ტეროტორიაზე მისვლა, იმიტომ, რომ “დამინახავენ”, მეზობელი იტყვის, რომ გიჟი ვარ. სტიგმა არის ძალიან მაღალი ჩვენს ქვეყნაში. იმ დისპანსერში მაინც მიდიან ის ადამიანები, ვისაც არაფერი აქვთ დასაკარგი და ძალიან უჭირთ, ამიტომ, თანახმაა, რომ ის წამლები მცირე რაოდეობით და არც ისე ხარისხიანი, მიიღონ.

საქართველოში არსებობს 18 ამბულატორია. ამბულატორიული დახმარება ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მოდის, იღებს ფსიქიატრის კონსულტციას, აგრეთვე ამბულატორია უზრუნველყოფს მას ფსიქოტროპული წამლებით. ამბულატორიის დაფინანსება არ შეცვლილა და არის 2,865 ათასი. ეს არის ზღვაში წვეთი. ამ დაფინანსებაში შედის წამლების ფასი, დაწესებულებების კომინალური ხარჯი, ხელფასები, ყველაფერი. ეს დაფიანსება რომ გაზრდილიყო, ადამიანებს, რომლებსაც უვლი ამბულატორიულად, ანუ საავადმყოფოს გარეთ, უფრო ნაკლებად სჭირდება ჰოსპიტალიზიაცია. ანუ, დაავადების გამწვავება როცა ხდება, თუ მას ამბულატორია უვლის, ის შეიძლება აღარ გახდეს დასაწვენი. ეს სახელმწიფოს იაფი დაუჯდება, იმიტომ, რომ ყველაზე ძვირი არის მაინც ჰოსპიტალი. ადამიანების მომარაგება რომ ფსიქოტროპული წამლებით სათანადოდ ხდებოდეს, ისინი ბევრად უფრო იშვიათად გამწვევდებოდნენ.

ფსიქიკური აშლილობოს მქონე ადამიანების უმრავლესობა არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ან ზღვართან. ფული შეიძლება მას არ ეყოს წამლებზე და აღარ იყიდოს. თანაც, ფსიქიკური აშლილობის დაავადების სპეციფიკა არის, რომ შეიძლება წამალი ჭირდებოდეს, მაგრამ ადამიანმა არ იყიდოს და არ დალიოს. ამბულატორიის დაფინანსება არის ყველაზე კრიტიკული.

ეს არის ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებისთვის ფსიქოსოციალური ცენტრი. ასეთი ერთი ცენტრი არის თბილისში, ერთი თელავში და ერთი ქუთაისში. მთელ თბილისში ერთი ცენტრი ძალიან ცოტაა. მაგალითად, ორთაჭალიდან ადამიანს აქ არ უნდა უხდებოდეს მისვლა.”

[/tab]

[tab id=4]ღუდუშაურის ფსიქიატრიული განყოფილების ყოფილი ექიმი, ფსიქიატრი ნანა ზავრადაშვილი ნეტგაზეთთან ფსიქიატრიული ჯანმრთელობის სერვისების შერეული პროფილის კილინიკებში მიღების უპირატესობებზე საუბრობს:

“დაიკარგა ის, რაც მიღწეული იყო და რაც მეტ-ნაკლებად მოდერნიზებული საწოლი იყო, შედარებით უფრო კარგად ფინანსდებოდა და შესაბამისად, უფრო ხარისხიანი მკურნალობა იყო, მაინცდამაინც, ამ დადგენილებით ყველაზე მეტი ზიანი ასეთ განყოფილებებს მიადგა.

პაციენტებს ჰქონდათ საშუალება, მიეღოთ მოკლევადიანი მკურნალობა ზოგადი პროფილის კლინიკაში, ეს ნიშნავდა, რომ ისინი მოდიოდენ, როგორც, მაგალითად, გულით ავადმყოფი პაციენტები, როგორც ნევროლოგიური პაციენტები. თვითონაც, თავს გრძნობდნენ ჩვეულებრივ პაციენტებად და არ მიდიოდნენ სპეციალიზებულ კლინიკაში და იზოლირებულ დახმარებას არ იღებდნენ. იღებდნენ დახმარებას უფრო ღია პირობებში, თუ სჭირდებოდათ გამოკვლევა და სხვადასხვა ექიმის კონსულტაცია, ეს უფრო ხელმისაწვდომი იყო მათთვის. მთავარი იყო, რომ მათ ემსახურებოდნენ სხვა პაციენტების მედიცინის სხვა დარგების გვერდით, ეს არ იყო იზოლირებული მომსახურება.

არ შეიძლება, იყოს მხოლოდ ერთფეროვანი მომსახურება – მხოლოდ სტაციონარი და სხვა არაფერი. თანამედროვე ფსიქიატრია მიდის იქით, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს სპეციალიზებული საავადმყოფოები და მეტი – სხვადასხვა ტიპის განყოფილებები და სხვა ცენტრები. ყველა შემთხვევაში, ადამიანებს ჰქონდათ საშუალება, მიეღოთ ხარისხიანი, ჰუმანური, ადამიანური დახმარება კლინიკაში და ახლა ამის საშუალება აღარ აქვთ და უბრუნდებიან ფსიქიატრიის ძველ სისტემას. ძალიან სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯია და დიდი დარტყმა ფსიქიატრიის რეფორმისთვის. უკვე რაც მოვიპოვეთ, ასე რთულად და ასე ძნელად, იმის დაკარგვაა.

იყო გარკვეული მიმართულება, რომ ფსიქიატრიული სისტემა უნდა წასულიყო დეინსტიტუციონალიზაციის გზით, გრძელვადიანი საწოლების მოდერნიზებაც მომხდარიყო: ნაწილი საცხოვრისად გადაკეთებულიყო, ნაწილი სათემო სახლებად და მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩებოდა რეალურად ისევ სტაციონარში. ეს გადახარისხება მოგვცემდა საშუალებას, ნათლად დაგვენახა, სად შეიძლებოდა ეფექტურად გადანაწილებულიყო ფული. ახლა ფული აბსოლუტურად არაეფექტურად გადანაწილდა.

მოაკლდა მწვავე საწოლებს ფული, რის გამოც, ვერ შეძლო ფუნქციონირება და დაიხურა მრავალპროფილური თანამედროვე განყოფილებები, მაგრამ, ეს ფული, რაც დაამატეს გრძელვადიანს, ის მდგომარეობა ამ დაფინანსებით ვერ გამოსწორდება. ესეიგი, არაეფექტურად გადაიყარა ფული, ინფლაციის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ გაძვირდა მედიკამენტები, გაძვირდა კვება, ხელფასები რომ ძალიან მწირია…”

[/tab]

[/tabs]

EMC-ის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი, ლინა ღვინიანიძე ნეტგაზეთს ესაუბრა, თუ რატომ ვერ ახერხებენ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები საკუთარი პრობლემები მკაფიოდ დააყენონ პოლიტიკურ დღის წესრიგში.

“დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც არათუ პოლიტიკურ დღის წესრიგში ვერ აყენებენ საკითხებს, ისინი არიან სახელმწიფოს ზემოქმედების ობიექტები, ისინი, ხშირად, არიან ინსტიტუციონალიზებულები, თავისუფლებაშეზღუდულები და იძულებით მკურნალობას დაქვემდებარებულები ძალიან მძიმე პირობებში. ბუნებრივია, ამგვარი გამოწვევების წინაშე მდგარი ჯგუფისთვის წარმოუდგენელიც კია, რომ დღეს ისინი იყვნენ წამყვანები ამ საკითხების ადვოკატირებისა საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე, მაშინ, როდესაც ამდენად მაღალია სტიგმა საზოგადოებისგან, საკუთარი ოჯახებისგან და ა.შ. ამდენად, სახელმწიფოს ძალიან მარტივად შეუძლია და ფაქტია, რომ ამას აკეთებს, ეს საკითხები გახადოს მეორე და მეათეხარისხოვანი და ის საკითხები წამოწიოს პოლიტიკურ დღის წესრიში, რაზეც არის მაღალი საზოგადოებრივი დაწოლა თავად ჯგუფებისგან, სათემო ორგანიზაციებისგან და ა.შ.”-ამბობს ლინა ღვინიანიძე.

ლინა ღვინიანიძის კომენტარი სრულად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

რა პასუხი აქვს სახელმწიფოს?

ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკა ადამია ნეტგაზეთთან საუბრისას ამ ცვლილებას ხარჯების ეფექტურად განაწილების აუცილებლობით ხსნის. ეკა ადამიას თქმით, ვაუჩერული დაფინანსებიდან, რომელსაც შეზღუდვები არ ჰქონდა და რამდენი პაციენტიც იყო, იმდენი ვაუჩერი იხარჯებოდა, სახელმწიფო გადავიდა დაწესებულებებისთვის ყოველთვიური, ლიმიტირებული ბიუჯეტის გამოყოფაზე:

“გადაიხედა წინა წლის რეალური შესრულებები, რეალურად იმ შესრულებული სამუშაოს ანალიზზე, 840 ლარიანი მწვავე შემთხვევის ვაუჩერი გვქონდა ჩვენ წინა წლებში და შესრულებული სამუშაოს დამუშავების საფუვძელზე საშუალო მაჩვენებელი იქნა აღებული – დავიდა 690 ლარზე. პარალელურად, გავზარდეთ ქრონიკულ შემთხვევებში საწოლ-დღის ღირებულება. ახალი მექანიზმის ფარგლებში დაწესებულებებს აქვთ თვის ლიმიტები, რომლის ფარგლებშიც, მათ შეუძლიათ გაატარონ როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული, შემთხვევები.

სახელმწიფო ამ თემას უდგება ასე, რომ რეალურად, პაციენტი, რომელსაც ამის საჭიროება დაუდგება, არ დარჩეს სერვისის გარეშე, თორემ, რომელი კონკრეტული დაწესებულება მიიღებს ამ შემთხვევაში მიმწოდებლად მონაწილეობას პროგრამაში, არსებით მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ კონკრეტულ დაწესებულებებს,”- ამბობს ეკა ადამია.

მისივე თქმით, ღუდუღაურის მწვავე განყოფილებამ დახურვის გადაწყვეტილება თავად მიიღო, სხვა კლინიკები კი არაპირდაპირი ხარჯების შემცირების გზით მოერგნენ ამ პროგრამას:

“ეს იყო აბსოლუტურად ღუდუშაურის კლინიკის გადაწყვეტილება, რომ ისინი ამ პირობებში ვერ გააგრძელებენ. აქ ლაპარაკი იყო, რომ ალბათ, სადაღაც უნდა დაზოგილიყო თანხა იმისთვის, რომ ეს თანხა ყოფნოდა ამ სერვისის მიწოდებას. ჩვენ ეს ანალიზი გაკეთებული გვაქვს და ვიცით, სად იყო მაღალი არაპირდაპირი ხარჯი, სად იყო მეტი სერვისზე გაწეული ხარჯი  და ეს ნათლად ჩანდა. ანუ, ვიღაცებმა, რაღაცები, ასე ვთქვათ, დაიკლეს, ანუ, არაპირდაპირ ხარჯებზე ვამბობ და მოერგნენ ამ პროგრამას.

ფაქტი ის არის, რომ ის პაციენტი, ვინც 12 დაწესებულების ფარგლებში იღებდა სერვისს, ის პაციენტი, შეიძლება უფრო მეტიც, ახლა იღებს 11 დაწესებულების ფარგლებში, მაგრამ, ამ წუთისთვის, არანაირი პრობლემა სერვისის მიწოდების კუთხით ჩვენ არ დაგვიფიქსირებია,”- განაცხადა ეკა ადამიამ. 

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრო

მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს დეინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკაზე უარი არ უთქვამს:

“ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მივდივართ მაინცდამაინც აქეთ და მაინცდამაინც გვინდა, რომ დიდი თავშესაფრის ტიპის მძიმე სტაციონარები გვქონდეს, სახელმწიფოს არ შეუცვლია თავისი გეზი დეინსტიტუციონალიზაციის. ეს სტრატეგიითაც გვევალება, სამოქმედო გეგმითაც გვევალება და არც ამის ხედვა არ შეგვიცვლია. პირიქით, ჩვენს, ყველა ნაბიჯს, რასაც მაგ მიმართულებით ვდგამთ, ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ, ემსახურება ამ პროგრამის გაუმჯობესებას და ამას ყველა დაინახავს, როგორ დაიხვეწება და გაუმჯობესდება პროგრამა სამომავლოდ. იმ მოცემულობაში, რაც ამ ეტაპზე გვქონდა, ეგ იყო ყველაზე ლოგიკური და ყველაზე რელევანტური გამოსავალი,”- ამბობს ეკა ადამია.

მისივე თქმით, სახელმწიფო აპირებს, გააძლიეროს სათემო სერევისები, რაც ბიუჯეტში აისახება მას შემდეგ, რაც შემუშავდება შეფასების კრიტერიუმები და ადამიანები, რომლებიც აპელირეენ საავადმყოფოების დახურვაზე, პროგრამას ხელს უშლიან.

“ვცდილობთ, რომ სათემო მომსახურება გავაძლიეროთ. რაც იმას ნიშნავს რომ რაც უფრო გავაძლიერებთ სათემო მომსახურებას, ამბულატორულ სერვისს და მობილურ გუნდებს, ესეც ჩვენი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ნაწილია, მით უფრო ნაკლები დატვირთვა და საერთოდ არ უნდა გვქონდეს ჩვენ იმხელა “თავშესაფრების” საჭიროება, რისი შიშიც აქვთ ახლა, რომ აუცილებლად გავაძლიერებთ ვითომ ხანგრძლივადიან დაწესებულებებს… ეს არ არის ერთი დღის თემა, ერ დღეში სამწუხაროდ, ეს თემა ვერ გადაიჭრება და ერთ კონკრეტულ რაღაც მაგალითზე ჩაციკვლა და ძახილი, რომ დაიხურა საავადმყოფოები, ეს არ ვიცი, მგონი, ხელის შეშლაა ამ პროგრამის განვითარების და ჯობს, ცოტა სხვა მიმართულებაზე გავაკეთოთ აქცენტები ყველა მხრიდან,”- ამბობს ეკა ადამია.

დიდი ფსიქიატრიული ინსტიტუციები ერთიანდებიან

დაფინანსების წესის შეცვლის მსგავსად, ასევე ხარჯების დაზოგვის მოტივით ერთიანდებიან დიდი ინსტიტუციები.

კერძოდ, ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებას შეუერთდება სურამის დაწესებულება, ასევე, არის საუბარი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს შეუერთდეს რუსთავისა და ქუთაისის დაწესებულებები.

ეს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს არ დაუდასტურებია. ეკა ადამიამ გვითხრა, რომ “ეს გადაწყვეტილი თემა არ არის”:

“ეს არის ეკონომიკის სამინისტროს წინადადება, რომელიც მართვის და ადმინისტრირების გაუმჯობესებისთვის აქვს შემოთავაზებული, თუმცა, ეს გადაწყვეტილება არ არის ჯერ მიღებული ნამდვილად,” – განაცხადა ეკა ადამიამ.

გაერთიანების შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურა ბედიანის დაწესებულების დირექტორმა ავთო ვანაძემ.

“პროცედურა დასასრულის ფაზაშია. სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს კაპიტალი ამოდის ქონების მართვის განკარგვის კაპიტალიდან და შედის ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს განკარგვად კაპიტალში, ანუ, ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო, რომელიც 100%-ით სახელმწიფოს მიერ არის დაფიძნებული, აფუძნებს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყფოს,”- განაცხადა ნეტგაზეთთან საუბრისას ვანაძემ.

მისი განცხადებით, ამ ცვლილების მიზეზია მართვის ეფექტურად განხორციელება და ადმინისტრაციული რესურსის შეკვეცა, თუმცა, ვანაძის თქმით, ორივე კლინიკას ისედაც ცოტა თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული ადმინისტრაციაში:

“ბედიანის და სურამის შემთხვევაში ეს ნაკლებად ეფექტური იქნება, რამეთუ ჩვენ ძალიან მწირი ადმინისტრაციული რესურსი გვაქვს. პრაქტიკულად, 3-4 კაცით შემოვიფარგლებით… როდესაც აერთიანებ ამ წარმოებებს და არ ამატებ თანხას, რომ რაღაც რესურსი გამონახოს ამ წარმოებებმა, ან გაარემონტონ, ან, სტადარტებთან მიახლოებაზე ლაპარაკი არ არის, მიამსგავსონ რამეს, და თუ ფულს არ აძლევ, რა მინიშვნელობა აქვს, ორს ერთად გააერთიანებ, თუ ცალ-ცალკე იქნება? ამიტომ მიმაჩნია ყველაზე ეფექტური და სწორი გადაწყვეტილებაა, სასწრაფოდ, ნებისმიერი პირობით გაიტანოს ეს სტაციონარები სახელმწიფომ კერძო პირებზე,”- განაცხადა ავთო ვანაძემ.

გაერთიანების შესახებ კითხვა დავუსვით ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს, რომლის დირექტორმა, ლაშა კილაძემ განგვიცხადა, რომ ჯანდაცვის დეპარტამენტიდან მართლაც მიიღეს წერილი, სადაც, ითხოვენ მათ მოსაზრებას ამ საკითხზე. კითხვაზე, თუ როგორია ცენტრის მოსაზრება, ლაშა კილაძემ მოგვწერა, რომ ჯერ არ ჩამოუყალიბებია და დადგენილ ვადაში აცნობებს დეპარტამენტს.

რისთვის არის საკმარისი 19 ლარი?

ფსიქიატრი ნანა ზავრადაშვილი მიიჩნევს, რომ ქრონიკული სტაციონარებისთვის ერთ საწოლზე 15-დან 19 ლარამდე თანხის გაზრდით ვერ გამოსწორდება ის მძიმე მდგომარეობა, რაც ამ დაწესებულებებში არსებობს:

“მოაკლდა მწვავე საწოლებს ფული, რის გამოც, ვერ შეძლო ფუნქციონირება და დაიხურა მრავალპროფილური თანამედროვე განყოფილებები, მაგრამ, ეს ფული, რაც დაამატეს გრძელვადიანს, ის მდგომარეობა ამ დაფინანსებით ვერ გამოსწორდება… ინფლაციის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ გაძვირდა მედიკამენტები, გაძვირდა კვება, ხელფასები რომ ძალიან მწირია, ამის გათვალისწინებით, ეს ფული გადაიყარა უძირო ორმოში და მაინც არ გამოსწორდება ის სიტუაცია, რაც არის,”- ამბობს ნანა ზავრადაშვილი. 

ბედიანის დაწესებულების დირექტორი, ავთო ვანაძეც ამბობს, რომ დაფინანსების ამ რაოდენობით გაზრდა ძირეულად ვერ გამოასწორებს სიტუაციას:

“თვითონ ინფლაციის მომენტრსაც ვერ გაასწორებს. კაპიტალურად შეცვლის კი არა, სიტუაცია რომ იმ ბალანსზე გააჩეროს, რაზეც არის, თორემ, გაიზარდა ყველაფრის ფასი. კონკრეტულად ჩემი დაწესებულებისთვის ეს დადებითი იყო, მაგრამ დაწესებულებების უმეტესობისთვვის ნამდვილად არ იქნება მომგებიანი,”- ამბობს ავთო ვანაძე.

ჯანდაცვის სამინისტროშიც ასევე განგვიცხადეს, რომ ამ დაფინანსებით ძირეულ ცვლილებებს არ ელიან, თუმცა, მუშაობენ ინვესტიციების მოზიდვაზე:

“ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ, რომ ეს თანხა იმისთის არის საკმარისი, რომ იქ ახალი კლინიკები აშენდეს, და გეთანხმებით, რომ ცნობილ ფაქტია, რომ იმ კლინიკებში არ არის ისეთი მდგომარეობა, როგორიც სასურველია, რომ იყოს. ამ მიმართულებით სამინისტრო უფრო სხვა სამუშაოს ახორციელებს, როგორიც არის ინვესტიციების მოზიდვა იმისთვის, რომ რაღაცნაირად ეს სფერო გაუმჯობესდეს,”- გვეუბნება ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკა ადამია.

მასალების გადაბეჭდვის წესი