ამ ოჯახების თავშესაფრის უზრულველყოფის მოთხოვნით მერიას დღეს სახალხო დამცველმა მიმართა. ომბუდსმენის განცხადებით, უკვე მეთორმეტე დღეა ეს ოჯახები შენობის მიმდებარედ, ღია ცის ქვეშ იმყოფებიან და ქუჩაში ათენებენ ღამეს. გამოსახლებულ პირებს შორის არიან ხანდაზმული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არასრულწლოვანი პირები, რომელთა მიმართ სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.
ნარმანიას განცხადებით, მერიას არ აქვს სხვა შესაძლებლობა, გარდა იმისა, რომ ეს ოჯახები ქირით გაიყვანოს.
“ჩვენ 12–ვე ოჯახს შევთავაზეთ, რომ მათ სხვა შესაძლებლობა არ ექნებათ, ასეთ შემთხვევაში დავაკმაყოფილებთ ბინის ქირით და შესაბამისი რაიონული გამგეობა უზრუნველყოფს ამას. დავალება ჩვენი მხრიდან მიცემულია გამგეობისთვის და სხვა დანარჩენ საკითხებზე სამუშაო წესით ისინი გამგეობასთან ერთად იმუშავებენ და მოაგვარებენ. სხვა შესაძლებლობა, გარდა მათი ქირით გაყვანისა, არ გვაქვს. თუმცა ვიძლევით იმის გარანტიას, რომ რამდენი ხანიც საჭირო იქნება, შესაბამისი რაიონული გამგეობა მათ ბინის ქირას გადაუხდის,”– განაცხადა დავით ნარმანიამ.
სახელხო დამცველის განცხადებით, 12–მა სოციალურად დაუცველმა და უსახლკარო ოჯახმა ამ შენობაში ფართები თვითნებურად დაიკავა. ისინი შენობაში შეჭრის მიზეზად უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს და საცხოვრებელი ფართის უქონლობას ასახელებენ. 2015 წლის 28 მარტს, მესაკუთრეების ინიციატივით, შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირები გამოასახლეს.