ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძის გადაწყვეტილებას, არ ეპასუხა რამდენიმე დეპუტატის კითხვებისთვის. მდინარაძე ასეთ მიდგომას თავად მოსამართლისთვის დამაზიანებლად მიიჩნევს.
“არ მგონია, რომ ეს თქვენ სასიკეთოდ წაგადგეთ იმიტომ, რომ რაც არ უნდა განსხვავებული აზრები გვქონდეს მე და, მაგალითად, ლევან გოგიჩაიშვილს, რაც არ უნდა არ მომწონდეს მისი აზრი ან მას არ მოსწონდეს ჩემი აზრი, თუ მე აღმოვჩნდები იმ სიტუაციაში, სადაც ფორმატი პასუხის გაცემის საშუალებას იძლევა, მე გავცემ [პასუხს] აუცილებლად. ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ საწინააღმდეგო ქმედება ჩემთვის დამაზიანებელია. აქედან გამომდინარე, თქვენგან ველი პასუხს, რატომ გადაწყვიტეთ, რომ საკომიტეტო მოსმენის დროს დეპუტატის შეკითხვაზე, რაც არ უნდა მიუღებელი ყოფილიყო, პრინციპულად არ გაგეცათ პასუხი”, – მიმართა მოსამართლეობის კანდიდატს მამუკა მდინარაძემ.
პაატა სილაგაძის განმარტებით, ის სატელევიზიო სიუჟეტები და დამოკიდებულებები, რაც ეკა ბესელიას კონკრეტულად მის მიმართ აქვს, იმდენად არაობიექტურია, რომ აქედან გამომდინარე არ გასცა პასუხი. კანდიდატი არაობიექტურობას ხსნის იმ ფაქტით, რომ ეკა ბესელიას შვილის საქმე სწორედ მის მიერ იყო განხილული, რის გამოც დეპუტატი მის მიმართ სუბიექტური იქნება.
„როცა პირველად იყო ჩემი კანდიდატურა ნომინირებული ათკაციან სიაში, იქიდან მოყოლებული ბესელია იმეორებს: „ ჩემი შვილის მოსამართლეა“, „ჩემი შვილი არის უდანაშაულო“, და აქაც ამით დაიწყო საუბარი. სწორედ ამის გამო არ ვუპასუხე მის კითხვებს“, – განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატმა.
პაატა სილაგაძემ დღეს არ უპასუხა ლევან გოგიჩაიშვილის და ეკა ბესელიას კითხვებს იმ საბაბით, რომ გოგიჩაიშვილის და ბესელიას შვილის საქმეების განმხილველი მოსამართლეა და მიკერძოებულები არიან.
ამ თემაზე:
“არ გცემთ პასუხს” – მოსამართლე სილაგაძემ დეპუტატ გოგიჩაიშვილის კითხვებს არ უპასუხა
ბესელიას შვილის საქმის განმხილველმა მოსამართლემ დეპუტატის კითხვებს არ უპასუხა [ვიდეო]