ახალი ამბები

ბესელიას შვილის საქმის განმხილველმა მოსამართლემ დეპუტატის კითხვებს არ უპასუხა [ვიდეო]

23 ოქტომბერი, 2019 •
ბესელიას შვილის საქმის განმხილველმა მოსამართლემ დეპუტატის კითხვებს არ უპასუხა [ვიდეო]

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა პაატა სილაგაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უარი განაცხადა ეპასუხა ეკა ბესელიას კითხვებისთვის, რომლის შვილის საქმის განმხილველი მოსამართლეც თავად იყო.

“ობიექტურობიდან გამომდინარე მგონია, რომ ეს იქნება შურისძიების ეტაპი იმიტომ, რომ მე მისი შვილის საქმე მაქვს განხილული. ამიტომ მე მის კითხვებს პასუხს არ გავცემ. არ გაგცემთ პასუხს იმიტომ, რომ თქვენ სუბიექტური ბრძანდებით და ჩემი პოზიცია დაფიქსირებული გაქვთ წინასწარ ჩემთან მიმართებაში”, – განაცხადა პაატა სილაგაძემ.

“არ მეგონა, თუ თქვენ ასე შეშინდებოდით ჩემი პირისპირ დანახვით. მე 7 წელი ვიყავი ხელისუფლებაში და შურისძიება რომ მდომებოდა, არცერთი იმ მოსამართლის და პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი არ დასმულა… კი ამბობდნენ თქვენზე, რომ კომპეტენციის თვალსაზრისით არის ნული, მისი კვალიფიკაცია არის უმდაბლესიო”, – მიმართა ბესელიამ სილაგაძეს.

პაატა სილაგაძემ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ბესელიას შვილის საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დღესაც იმავე გადაწყევტილებას მოაწერდა ხელს.


2009 წელს ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ეკა ბესელიას ვაჟი რატი მილორავა და ძმა სერგო ბესელია ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულებს ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წაუყენეს და ექვს-ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეკა ბესელია აღნიშნულს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი