თბილისის ონკოლოგიის ცენტრის მედპერსონალი ამბობს, რომ უკვე 8 თვეა, ხელფასს არ იღებენ. სწორედ ამიტომ, კლინიკის წინ საპროტესტო აქცია დღეს, 23 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ გამართეს. აქციის შემდეგ ექიმებთან ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მივიდა და თქვა, რომ ხელფასების დავალიანების საკითხს ხვალ სპეციალური საბჭო განიხილავს.
მედპერსონალის საპროტესტო აქციაში მონაცილეობს პროფკავშირებიც. მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი ირაკლი ამირანაშვილი ნეტგაზეთთან ყვება, რომ გარდა 8 თვის აუნაზღაურებელი ხელფასისა, მედპერსონალი ასევე ითხოვს, რომ კლინიკას საპარტნიორო ფონდი ჩამოშორდეს და მხოლოდ სახელმწიფო ბალანსზე დარჩეს.
“უნდა გამოსწორდეს ინფრასტრუქტურაც იმიტომ, რომ აქ არის გაუსაძლისი მდგომარეობა… აქ არც პაციენტი უნდა დადიოდეს და არც მედპერსონალი. ამასთანავე, თვეების ნამუშევარი ხელფასები ექიმებმა უნდა აიღონ იმიტომ, რომ მათ ნაწილს სამსახურში მოსვლის საშუალებაც კი აღარ აქვთ“, – ამბობს ამირანაშვილი.
რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრს, ტიკარაძემ განაცხადა, რომ პრობლემის გადასაჭრელად უკვე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი. ამ ჯგუფში ექიმებიდან შესულია 10 ადამიანი, ასევე, პროფკავშირების პრეზიდენტიც.
“ჩვენი მხრიდანაც შეიქმნა საბჭო, ხვალიდან დავიწყებთ კონკრეტულ გეგემბზე მუშაობას და ასევე განხილული იქნება, მათ სახლფასო ანაზღაურებებს როდის გადავიხდით. ეს აყვანილი იქნება ჩემი და ჩემი მოადგილის პირადი კონტროლზე“, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.
კითხვაზე, თუ რატომ არ დარიგდა ხელფასები მანამდე, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ კლინიკის მართვაში არ იყო ჩართული სამინისტრო და “ეს ყოველივე იყო საპატრნიორო ფონდის მართველობის ქვეშ“.
“ჯანდაცვის სფერო საჭიროებს სპეციფიკურ მმართველობას, აქ კი მკვეთრად გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ ჩვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს მინისტრი და დასძენს, რომ უწყება ასევე იზრუნებს შენობის რეაბილიტაციასა და ინფრასტურქტურის გამართვაზე.
გარეკანი ფოტო: გაერთიანებული პროფკავშირები
ვრცლად:
ონკოლოგიური ცენტრის ექიმების თქმით, 7 თვის ხელფასი არ აუღიათ