ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში შემწვარი თხებით მორთული ქორწილის ქილიკის გამო მოქალაქეს სცემეს

23 ოქტომბერი, 2019 • 5256
აფხაზეთში შემწვარი თხებით მორთული ქორწილის ქილიკის გამო მოქალაქეს სცემეს

სოხუმის 32 წლის მცხოვრები ბესლან ხვარწკია მასზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ რეანიმაციაში იმყოფება. ხვარწკიას ცემის მიზეზი სოციალურ ქსელში [WhatsApp] იმ ქორწილის ქილიკი გახდა, სადაც სტუმრებს საქორწილო სუფრაზე შემწვარი ცხოველების ფიტულები დახვდათ. ხვარწკია აუდიომიმართვაში აღნიშნულ ქორწილს შეურაცხმყოფელი ფორმით [козлосвадьба] მოიხსენიებდა.

ინციდენტი 21 ოქტომბერს მოხდა. სოხუმის პოლიციის განყოფილებაში რესპუბლიკური საავადმყოფოდან შეტყობინება შევიდა, რომ მათთან მიიყვანეს ახალგაზრდა კაცი მრავალრიცხოვანი დაზიანებებით სხეულზე. პაციენტს ჰქონდა თავის ტვინის შერყევა, ცხივრის ძვლის მოტეხილობა, იარები გულმკერდის არეში, მრავლობითი სისხლჩაქცევები და ა.შ.

პროკურატურა აცხადებს, რომ განცხადების გარეშე საქმეს ვერ აღძრავენ, ფეისბუკზე გავრცელებული ვიზუალური მასალა კი არც სისხლის სამართლის საქმის დაწყების და არც დანაშაულის მტკიცების საფუძველია.

პირი [გვარად აფხაზავა], რომელმაც 21 ოქტომბერს ქორწილი გადაიხადა, სკანდალში პირველად არ გახვეულა. რამდენიმე წლის წინ სოხუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაანგრია და მის ადგილას სხვა, მოოქროვილი ჭიშკრითა და ირმებიანი ორნამენტებით შენობა ააშენა. აღნიშნულ ფაქტზე მაშინ პროკურატურამ საქმეც აღძრა, თუმცა, მალევე დახურა.

შესაბამისად, დაზარალებული ბესლან ხვარწკიას ახლობლები აცხადებენ, რომ მომხდარზე საკუთარ გამოძიებას ჩაატარებენ.

აფხაზი ომბუდსმენი ასიდა შაკრილი მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი პირდაპირ იმაზე მიუთითებს, რომ მსგავსი დანაშაულები აფხაზეთში არ ისჯება.

“ჩვენს საზოგადოებაში რაღაც ხდება. ადამიანებს არ სჯერათ ხელისუფლების და ვერ ხედავენ მის ძალაუფლებას, ამიტომაც თავს უფლებას აძლევენ იძალადონ სხვებზე. ეს ხომ არ არის ერთეული შემთხვევა?!”

მსგავსი ფაქტი ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდშიც მოხდა, როდესაც გალის მცხოვრებს იმის გამო ემუქრებოდნენ, რომ ერთ-ერთ კანდიდატს მხარს ღიად უჭერდა. გამოძიება არც მაშინ ჩატარებულა.

“შეხედეთ ფოტოებსა და ვიდეოს, თავად იღებენ ძალადობის ამსახველ კადრებს და თავად ათავსებენ სახეების დაფარვის გარეშე სოციალურ ქსელში. ეს თავის მხრივ ძალადობის მოწოდება და ძალის დემონსტრაციაა”, – ამბობს ასიდა შაკრილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი