ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი მიანმარის ლიდერთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

23 ოქტომბერი, 2019 •
სალომე ზურაბიშვილი მიანმარის ლიდერთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ვიზიტით იაპონიაში იმყოფება, სოციალურ ქსელში მიანმარის სამოქალაქო ლიდერთან აუნ სან სუ ჩისთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

“Aung San Suu Kyi ნობელის პრემიის ლაურეატი. თავისუფლებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში გატარებული ცხოვრება! დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალი! ქალი, რომელმაც პოლიტიკას ღირსება შეუნარჩუნა”, – წერს ზურაბიშვილი.

აუნ სან სუ ჩი მიანმელი (ბირმა) პოლიტიკოსია, რომელიც მიანმარში სამხედრო ხუნტის ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებათა აქტიური დამცველი და პაციფისტი იყო. 1991 წელს მას მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. 2015 წელს სუ ჩის პარტია, ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის (NLD), საკანონმდებლო ორგანოში შევიდა და არმიასთან საზიარო მმართველობით 2016 წელს მთავრობა ჩამოაყალიბა.

ბოლო წლების განმავლობაში ნობელის ლაურეატი კრიტიკის ობიექტი გახდა მიანმარში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მიმართ გულგრილობის გამოჩენისა და არასაკმარისი მოქმედებების გამო. გასულ წელს აუნ სან სუ ჩის ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის უმაღლესი ჯილდო ჩამოართვეს. მას ასევე ჩამოართვეს კანადის საპატიო მოქალაქეობა და რამდენიმე საერთაშორისო პრიზი.

მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ქვეყნის სამხედრო ძალების მხრიდან ძალადობა გაერომ ეთნიკურ წმენდად შეაფასა, რომლის დროსაც ქვეყანა 700 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა და თავი ბანგლადეშს შეაფარა. გაეროს თანახმად, მიანმარის მთავრობამ, რომელსაც აუნ სან სუ ჩი ხელმძღვანელობს, საშუალება მისცა სიძულვილის ენის გავრცელებას, გაანადგურა დოკუმენტები და ვერ დაიცვა როჰინჯა მუსლიმები არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისაგან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი