ახალი ამბები

წერილი პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც კვლევას ართულებს – პროკურატურა

22 ოქტომბერი, 2019 • 997
წერილი პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც კვლევას ართულებს – პროკურატურა

“ზემოხსენებული წერილი თვეების განმავლობაში,  სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას”, – ამ განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ჩაბარებულ წერილთან დაკავშირებით.

“დიდი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოდგენილი მასალების თაობაზე.

2019 წლის 21 ოქტომბერს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოადგინეს ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული დაქტილოსკოპიური კვლევის ამსახველი დასკვნა, კომპაქტ-დისკი, ასევე, დაულუქავ, ღია კონვერტში მოთავსებული, მათი თქმით, „მუქარის წერილის დედანი“ და განცხადება, წარმოდგენილ მასალებზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული წერილი თვეების განმავლობაში,  სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას.

მიუხედავად ამისა, პროკურატურის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით უკვე განხორციელდა წარმოდგენილი მასალების საპროცესო წესით დამაგრება და დალუქვა.

ამასთან, საქართველოს პროკურატურა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დეტალურად შეისწავლის განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ მასალებს და შესწავლის შედეგების შესახებ დამატებით მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ წერილზე, რომელიც მისი კლიენტების თქმით, გიორგი გახარიასგან მიიღეს და მუქარის შინაარსს შეიცავდა, ბრიტანეთში ჩატარებულმა ექსპერტიზამ 17 თითის ანაბეჭდი გამოავლინა.

კორძაძის თქმით, აღნიშნული წერილის დედანი ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად მთავარ პროკურატურაში წარადგინეს. როგორც ადვოკატი ამბობს, უცხოეთში ჩატარებული ექსპერტიზის ფარგლებში შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ ვის ეკუთვნის ანაბეჭდები, რადგან შესაბამისი ბაზა ქართულ ორგანოებს აქვთ. შესაბამისად, კორძაძის თქმით, ეს პროკურატურის კომპეტენციაა და ამ უწყებამ უნდა დაადგინოს:

“ძალიან მარტივ პროცედურასთან უნდა გვქონდეს საქმე, რომ პროკურატურამ შეადაროს აღნიშნული ანაბეჭდები ბაზას და ის ადამიანები, ვისი ანაბეჭდიც აღმოჩნდება ამ წერილზე, გამოკითხოს და დაადგინოს, თუ საიდან მოხვდა მათი ანაბეჭდები ამ წერილზე. ექსპერტიზა, რომელიც ჩატარდა, იყო ანაბეჭდების დაფიქსირება. სხვა ექსპერტიზა ვერ ჩატარდებოდა, რადგან მათ არ გააჩნიათ ბაზა. მათ მოახდინეს ამ წერილზე ანაბეჭდების იდენტიფიცირება” – ამბობს კორძაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი