იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გიორგი მიქაუტაძე არ მიიჩნევს, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობაა.
შესაბამისი კითხვა გასაუბრებაზე მას ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ დაუსვა. დეპუტატმა მიქაუტაძის ჰქკითხა, ვინ დანიშნა და გაათავისუფლა თანამდებობიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრები: ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი და მამუკა ბახტაძე.
“[პრემიერის კანდიდატურას] წარმოადგენს პოლიტიკური ძალა, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა და შემდეგ ნდობას უცხადებს საქართველოს პარლამენტი. ასეთი მოწესრიგებაა”, – განაცხადა მიქაუტაძემ და დასძინა, რომ პრაქტიკაშიც დღეს ასე ხდება.
მიქაუტაძის თქმით, არაფორმალური მმართველობა ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი არ არის უფლებამოსილი, მიიღოს ეს გადაწყვეტილება.
კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში არაფორმალური მმართველობის ნიშნები, მიქაუტაძემ უპასუხა: “მე ვფიქრობ, რომ არ არის”.