19 ოქტომბერს წინანდალში, სასტუმრო Radisson Collection-ში ფესტივალ Jazz & Wine Kakheti-ის ფარგლებში ჯაზისა და ღვინის გზები უკვე მესამედ გადაიკვეთა.
რიგით მესამე ფესტივალის Jazz & Wine პროგრამა საკმაოდ დატვირთული და სანახაობრივი გამოდგა.
პირველ ნაწილში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ Tesla-ს ახალი მოდელი დაეტესტათ და საკუთარ თავზე გამოეცადათ ის შეგრძნებები, რაც Tesla-ს მართვისას ეუფლება ადამიანს.
შემდეგ სტუმრებმა ამფიტეატრში გადაინაცვლეს, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ, გაესინჯათ ქართული ღვინოები და დესერტი.
პარალელურად, სცენაზე გამოსასვლელად ემზადებოდნენ მუსიკოსები იტალიიდან “Sugarpie & The Candyman” – რომლებმაც დღის ნამძილზე ცნობილი ჰიტების თავისებური ჯაზ-ვარიაცებით დაატკბეს მსმენელი.
რენატო პოდესტა მუსიკოსი “Sugarpie & The Candy Men”:
“მეორე წელია, რაც ფესტივალის ფარგლებში ჩამოვდივართ. მიღება არაჩვეულებრივია, ფესტივალი და ღვინო შესანიშნავი. ყველა მეგობრულად გვხვდება, მსმენელი ბოლომდე გვყვება. ამ ყველაფრის გამო ფესტივალს მხოლოდ და მხოლოდ კარგი შეფასება შეიძლება რომ მივცეთ.”
ასევე, მთელი ეს დრო მიმდინარეობდა მაურიციო სიცილიანოს კულინარიული შოუ, რომლის შედეგების დაგემოვნებაც შეეძლოთ ფესტივალზე მოსულებს.
შემდეგი გამომსვლელი სცენაზე Oz Noy ტრიო აღმოჩნდა. მათ ჯაზისა და როკის სინთეზით სცადეს მსმენელის აყოლიება.
მიხეილ გიორგაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე:
“ეს ფესტივალი არის განსხვავებული იმ ყველაფერისგან, რაც წლის განმავლობაში საქართველოში კეთდება, ფორმატიც ძალიან განსხვავებულია. მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, კახეთის რეგიონის პოპულარიზაცია რომ ხდება და მეორე მხრივ, დეგუსტაცია მცირე მეღვინეების, ვისაც საშუალება არ აქვთ, რომ დიდი კომპანიების მსგავსად სარეკლამო კამპანია აწარმოონ. თანაც, ეს ყველაფერი ხდება უცხოელი ვარსკვლავების მუსიკის ფონზე და დამსწრეებისთვისაც ძალიან სასიამოვნო გასართობი ფორმატია. ფესტივალი ასევე ჩვენი ქვეყნის, რეგიონის კულტურული ელემენტის, ღვინის პოპულარიზებას უწყობს ხელს.”
10 საათისთვის უკვე ნანატრმა Mf Robots-მა დაიყპრო მსმენელის გული. Disco-Funk სტილში მოღვაწე ლეგენდარულმა მუსიკალურმა ჯგუფმა გვიან ღამემდე აცეკვა ფესტივალის სტუმრები.
ალექს ფიცხელაური, მეღვინე:
“ჩვენს სფეროში საოჯახო მარნებისთვის ნებისმიერი აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, როცა ასეთი დონის და მნიშვნელობის ღონისძიება ტარდება. ჯაზის ლეგენდები არიან ჩამოსულები. მგონია, რომ ჯაზი და ღვინო უხდება ერთმანეთს. ხალხიც კმაყოფილია. აქ მონაწილეობა ერთგვარი წინასვლაა ჩვენთვის და კარგია ასევე სტუმრებისთვის, რომლებსაც აქვთ საშუალება, გასინჯონ საოჯახო მარნის ღვინოები.”
ფესტივალი Jazz & Wine Kakheti სტუმრებს ერთი წლით დაემშვიდობა.
Eastern Promotions და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ფესტივალს Jazz and Wine