ახალი ამბები

“ნუ სარგებლობ რაღაცებით” – ბესელიას რეპლიკა შშმ დეპუტატს და განმარტება

22 ოქტომბერი, 2019 •
“ნუ სარგებლობ რაღაცებით” – ბესელიას რეპლიკა შშმ დეპუტატს და განმარტება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ, ეკა ბესელიასა და რატი იონათამიშვილს შორის კამათი მოხდა.

კამათი გამოიწვია ეკა ბესელიას მოთხოვნამ, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარიშვილი დაეშვათ დარბაზში, კომიტეტის თავმჯდომარე კი მას პროცესისთვის თვალ-ყურის დევნებას აივნიდან სთავაზობდა, რადგან მისი თქმით, დარბაზში საკმარისი ადგილები არ იყო. ეკა ბესელიამ აღნიშნული კანონდარღვევად შეაფასა.

კამათისას ეკა ბესელიამ რატი იონათამიშვილს მიმართა რეპლიკით: “ნუ სარგებლობ რაღაცებით”.

“დაწყნარდი, რატი, შენ ყველაფერზე ნუ გვპასუხობ. სირცხვილი ის არის, რასაც ხალხი უყურებდა და ახლა დაწყნარდი, ნუ სარგებლობ რაღაცებით. ნუ მაწყვეტინებ სიტყვას, ეთიკა იქონიე, რა დღეში ხარ? მე ვცდილობ, არ აგყვე ხოლმე შენ და არ არის საჭირო იმ დროს ჩარევა, როდესაც მმართველ პარტიას გამოქომაგება უნდა. თავს დაიცავენ თვითონ, მგონია, რომ უკეთესად”, – ასე მიმართა ეკა ბესელიამ რატი იონათამიშვილს, რომელიც შშმ პირია.

მოგვიანებით რატი იონათამიშვილმა განაცხადა:

“ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მიქონე ადამიანები, ვიბრძვით ჩვენი მდგომარეობიდან, მაგრამ არასდროს არ ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით, რადგანაც ჩვენი მდგომარეობა ეტლი არ არის, ეს არის საჭიროება. მდგომარეობა მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რომ თანაბარი პირობები არ იყოს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ეკა ბესელიამ “ნეტგაზეთს” მოკლეტექსტური შეტყობინებით მისწერა, რომ მისი რეპლიკა რატი იონათამიშვილის შეზღუდულ შესაძლებლობას არ ეხებოდა და მსგავსი რამ არასდროს დაუშვია.

“ბატონი რატი სარგებლობს იმით, რომ აქვს მაღალი ხმა და იოლად შეუძლია გადაფაროს ჩემი საუბარი, რაც არაერთხელ გაუკეთებია. მე არ მაცდიდა საუბარს და ხმამაღლა საუბრობდა”, – განაცხადა ბესელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი