ახალი ამბები

მიქაუტაძე “NGO-ების მოთხოვნას მოსამართლეების გათავისუფლებაზე” მუქარად მიიჩნევს

22 ოქტომბერი, 2019 • 975
მიქაუტაძე “NGO-ების მოთხოვნას მოსამართლეების გათავისუფლებაზე” მუქარად მიიჩნევს

“ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს სთხოვა, დაასახელოს, რას გულისხმობს არასამთავრობო ორგანიზაციების მუქარაში, რომლისგან თავდაცვის შესახებ მიქაუტაძემ ერთ-ერთ საჯარო განცხადებაში ისაუბრა.

“ერთ-ერთ განცხადებაში თქვენ ამბობთ, რომ ჩვენი ფუნქციაა, პასუხი გავცეთ და თავი დავიცვათ როგორც ხელისუფლების მუქარებისგან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მუქარებისგან. ხელისუფლების მუქარების წარმოდგენა შემიძლია რა არის, არასამთავრობო სექტორის მუქარაში რას გულისხმობდით? რა მუქარა შეგხვედრიათ არასამთავრობო სექტორიდან”, – განაცხადა ბოკერიამ.

“მაგალითად, იყო ძალიან აქტიურად დაყენებული მოთხოვნები, რომ მოსამართლეები უნდა გათავისუფლდნენ და პასუხისგებაში მიეცნენ. მე ვთვლი, რომ ეს არის მუქარა გარკვეულწილად”, – განაცხადა მიქაუტაძემ.

გიგა ბოკერიამ მიქაუტაძეს ასევე ჰკითხა, რატომ წარმოადგინა განაცხადში მხოლოდ ორი რეკომენდატორი, მაშინ როდესაც კანდიდატი ვალდებულია, მიუთითოს არანაკლებ 3 რეკომენდატორი. ბოკერიამ მიქაუტაძეს ჰკითხა, “ფეხებზე დაიკიდა” საბჭოს მიერვე დადგენილი ფორმა, თუ მესამე რეკომენდატორი ვერ იპოვა.

“არცერთი. მე წარმოვადგინე ორი რეკომენდატორი და ეს არ არის საკვალიფიკაციო მოთხოვნა. დღემდე წინააღმდეგობა მაქვს რეკომენდატორის ინსტიტუტთან. როდესაც ფორმებს ვამტკიცებდით, მქონდა წინადადება, რომ საერთოდ ამოგვეღო კანდიდატის მიერ რეკომენდატორის მითითება. ეს არის ჩემი შეხედულება”, – განაცხადა მიქაუტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი